ჰელმანდის პროვინციაში ქართულ ბაზაზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმის დროს გარდაცვლილი შვიდი სამხედრო მოსამსახურიდან ორი ქვემო ქართლის რეგიონიდან იყო.
26 წლის რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი და 22 წლის გიორგი ღუჭაშვილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, გარდაცვლილებს საქართველოში კვირას ჩამოასვენებენ. "ინტერპრესნიუსი"" რუსთავში მიხეილ ნარინდოშვილის ოჯახში იმყოფებოდა.
როგორც მიხეილ ნარინდოშვილის დედა ამბობს, შვილს გუშინ დილით სკაიპით ესაუბრა, საღამოს კი თავდაცვის სამინისტროდან მისი დაღუპვის შესახებ შეატყობინეს. "დილით სკაიპით ველაპარაკე, ასე მითხრა - კარგი შვილი გყავს, მე სამხედრო მოსამსახურე ვარ და პენსიაში გასვლამდე ჯარში უნდა ვიმსახუროო. ახალი ბინის ყიდვას აპირებდა, ბევრი გეგმა ჰქონდა და აი, რა უბედურება მოხდა. სამი შვილი დარჩა. უფროსი გოგონა 8 წლისაა, შუათანა - 2 წლის, ბიჭი კი - 10 თვისაა", - აცხადებს გარდაცვლილის დედა. მიხეილ ნარინდოშვილს ავღანეთში სამსახურის ვადა სამ თვეში ეწურებოდა.
22 წლის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი კი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფიდან იყო. მას მშობლები და ორი ძმა დარჩა. გიორგი ღუჭაშვილი აფეთქების დროს ნანგრევებში მოყვა და გარდაიცვალა.
გიორგი ღუჭაშვილი და მიხეილ ნარინდოშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების მე–4 ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ.