წინა ხელისუფლების მიერ უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების არქივის განადგურების გადაწყვეტილება არ შეიცვლება. თუმცა, მასალები, რომლებიც დანაშაულის გამოვლენას უკავშირდება და შესაძლოა, მტკიცებულებად გამოდგეს, დაცული და შენახული იქნება.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ უწყებაში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არქივი განადგურდება და ამ მიზნით სპეციალური კომისია შეიქმნება.
"მიმდინარე წლის თებერვალში შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა საჯარო განცხადება უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერების განადგურების შესახებ. აქვე აღნიშნა, რომ ამ პროცესში მაქსიმალურად იქნებოდნენ ჩართული საზოგადობის წარმომადგნლები - არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები. ჩვენ ეს პერიოდი დაგვჭირდა დახარისხებისთვის, რადგან მასალები სისტემიზებული არ იყო. ზოგიერთი მათგანი დანაშაულის გამოძიების თვალსაზრისით საინტერესოა, თუმცა მასალების უმეტესობა უკანონოდ არის მოპოვებული, დანაშაულის გამოვლენასთან არავითარი კავშირი არ აქვს და მიმართულია იმისკენ, რომ პოლიტიკური მოწინააღმდეგის კომპრომატად გამოყენებულიყო. სწორედ ამიტომ გვინდა, ეს სამუდამოდ დასრულდეს. სწორედ ამის პოლიტიკური ნება და კანონისმიერი ვალდებულება იყო დაფიქსირებული მინისტრის მიერ თებერვალში. დღეს მოვიწვიეთ საერთაშორისო პარტნიორები, არასამთავრობო სპექტრი და მათ შევთავაზეთ შემდეგი: ახლო მომავალში შეიქმნება კომისია, სადაც წარმოდგენილი იქნებიან მაღალი თანამდებობის პირები - შს მინისტრი, მთავარი პროკურორი, პარიტეტის საფუძველზე შეირჩევიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც, რათა მათი თანამონაწილეეობით მოხდეს არქივის განადგურება და ეს მასალები ჩაბარდებს ბინძურ წარსულს", - განაცხადა ლევან იზორიამ. მისივე განმარტები, კომისია მუშაობას უახლოეს მომავალში შეუდგება.
"კომისიის მუშაობის შედეგად შედგება აქტი, სადაც აღირიცხება განადგურებული მასალების რაოდენობა", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
გარდა ამისა, იზორიას თქმით, იქედან გამომდინარე, რომ არ არის გამორიცხული, აღნიშნული მასალების არქივი კერძო პირების ხელშიც იყოს, პარლამენტი მათ ამნისტირებასთან დაკავშირებით კანონპროექტს მოამზადებს.
"ამასთან, მინდა, საჯაროდ განვაცხადო - იმის თავიდან აცილების მიზნით, რომ კერძო პირისგან არ იქნება მასალების ასლები გამოყენებული, ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს პარლამენტთან, რათა მოხდეს ამნისტიის შესახებ კანონპროექტის მიღება, რომლის ფარგლებშიც აღნიშნულ პირებს მასალების საგამოძიებო უწყებებისთვის ჩაბარება შეეძლებათ. თუ ისინი გარკვეული პერიოდის – ერთი ან ორი თვის განმავლობაში ასე არ მოიქცევიან და მასალებს შეინახავენ, მაშინ მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება", - განაცხადა იზორიამ.