საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, "მიუხედავად განსხვავებებისა, ჩვენ დღეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ერთად ვმუშაობთ".
ბაქრაძე ავღანეთში დაღუპული ქარველი ჯარისკაცების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
"მინდა, ქედი მოვიხარო ჩვენი დაღუპული ბიჭების წინაშე, მათი ხსოვნის წინაშე. ეს არის უმძიმესი დარტყმა არა მხოლოდ მათთვის, მათი ოჯახებისთვის, არამედ უმძიმესი დანაკარგია თითოეული ჩვენგანისთვის. მინდა, ამ ურთულეს წუთებში ჩვენმა მოსახლეობამ იცოდეს, რომ მიუხედავად განსხვავებებისა, ჩვენ დღეს ერთად ვმუშაობთ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ერთად ყველაფერს გავკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყნისა და საზოგადოების თითოეული წევრის უსაფრთხოება იყოს დაცული, თუმცა სამწუხაროდ, ვერ შევცვლით იმ ტრაგედიას, რაც მოხდა და კიდევ ერთხელ მინდა, ჩემი ყველაზე ღრმა სამძიმარი გამოვუცხადო ჩვენი დაღუპული გმირების ოჯახებს. დღეს ყველა ერთად ვგლოვობთ ჩვენს დაკარგულ ბიჭებს", - განაცხადა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ მოწინავე ბაზაზე ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა. დაიღუპა 7 სამხედრო მოსამსახურე - კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე, კაპრალი გიორგი ადამოვი, პირველი კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი, რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი, რიგითი ბორის ცუგოშვილი, პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი, პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი. დაჭრილია 9 სამხედრო მოსამსახურე. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.