"საზოგადოებრივი მაუწყებლის" განმარტებით, მასთან მხოლოდ ტელეკომპანია "პიკ"-ის საეთერო შეფუთვით გასული მასალა, ხოლო ორიგინალები კვლავ "პიკ"-ში ინახება.
"საზოგადოებრივი მაუწყებელი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვასთან დაკავშირებით და ქართველი გმირების ოჯახებს უსამძიმრებს. ამასთან, ის ქართველი ჟურნალისტის თემურ კიღურაძის მოსაზრებას ეხმაურება.
"გუშინ, ინტერნეტსივრცეში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ავღანეთში მომხდარ ტერაქტამდე რამდენიმე საათით ადრე გავრცელებულ ანტიქართულ ვიდეოში გამოყენებული იყო ტელეკომპანია "პიკის" ვიდეომასალა, რომელიც, თითქოსდა ინახება საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივში. საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს, რომ 2012 წლის 13 ნოემბრის შეთანხმების საფუძველზე, სსიპ "საზოგადოებრივ მაუწყებელსა" და "ტელეკომპანია პიკ"-ს შორის შეწყდა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც მაუწყებელს გადაეცა "პიკ"-ის მიერ დამზადებული და სატელევიზიო ეთერში გასული ტელეპროდუქცია, რაც არ მოიცავს მასალის ორიგინალს, რომელიც დაცული უნდა იყოს და ინახებოდეს არქივში. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებელში" ინახება მხოლოდ "ტელეკომპანია პიკ"-ის საეთერო შეფუთვით გასული მასალა, ხოლო ყველა მასალის ორიგინალი კვლავ "ტელეკომპანია პიკ"-ში ინახება", - ნათქვამია "საზოგადოებრივი მაუწყებლის" განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თემურ კიღურაძის აზრით, "თალიბანის" სახელით გავრცელებულ მუქარის ვიდეოში ტელეკომპანია "ПИК"-ის შიდა არქივის მასალებია გამოყენებული.