კობა ლიკლიკაძე - ივანიშვილის მთავრობას უნდა ეყოს გამბედაობა, დაიწყოს საუბარი ავღანეთში ქართულ კონტინგენტში კორექტირებაზე

კობა ლიკლიკაძე - ივანიშვილის მთავრობას უნდა ეყოს გამბედაობა, დაიწყოს საუბარი ავღანეთში ქართულ კონტინგენტში კორექტირებაზე

რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტი კობა ლიკლიკაძე ავღანეთში კოალიციის ჯარებზე თავდასხმების გააქტიურებას ძირითადად თალიბანის მიერ ერთი თვის წინ გამოცხადებულ "გაზაფხული-ზაფხულის სეზონის ნადირობას" უკავშირებს. ამის შესახებ ლიკლიკაძემ "პოლიტმეტრში" ჩართვისას განაცხადა.

"მეორე არის საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირების, პირდაპირ ვიტყვი ტრაბახი და ეს პრეზიდენტის განცხადებაში კიდევ ერთხელ ჩანდა. მან მიაქცევინა ყურადღება თალიბებს. აქამდე ავღანეთში თუ ჩასაფრებით გზებზე დამონტაჟებული აფეთქებებით იღუპებოდნენ ჩვენი ჯარისკაცები, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, რომ პირდაპირ ესხმიან ბაზებს თავს. მესამე, რასაც ვფიქრობ, პირადად ჩემი შეხედულებაა, რომ სანამ ხელისუფლება მიიღებდა ქვედანაყოფის გაორმაგების გადაწყვეტილებას, ამას დიდი რესურსი დასჭირდა და ქართველი ჯარისკაცები ვერ არიან სათანადოდ მომზადებულები. გარდა ამისა, ეს არის ძალიან სახიფათო ზონა და არ უნდა ამას ძალიან დიდი ექსპერტობა, რომ გაორმაგების შემთხვევაში, მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდებოდა", - განაცხადა ლიკლიკაძემ.

რაც შეეხება გუშინ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეომასალას, სახელწოდებით - "ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ",
ლიკლიკაძის განცხადებით, ამ ვიდეოს ავთენტურობის დადგენა ძალიან ძნელია.

"თუმცა, თავისთავად ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლების ასეთმა ჰიპერაქტიულმა პოლიტიკამ, ტრაბახმა, რომ ქართველი ჯარისკაცები მაგრად იბრძვიან იქ და ჩვენ ძალიან მაგრები ვართ, ამან მე მგონი, ეს ჩემი ფრთხილი ვარაუდია, მოიერიშეებს მიაქცევნა ყურადღება და თალიბანს. საქართველოს კონტინგენტი ჩაუვარდა თვალში ავღანელებს, რაც თავისთავად ცხადი იყო, რადგან საქართველო არის პირველ ადგილზე ნატო-ს არაწევრი ქვეყნებიდან სამხედროების რაოდენობით. თანაც საქმე გვაქვს ჰელმანდთან, ყველაზე რთულ პროვინციასთან, რომელიც გამოირჩევა ავღანეთის სხვა არასტაბილური რეგიონებისგან", - განაცხადა ლიკლიკაძემ.

მისივე თქმით, მას არ ესმოდა ძველი "ხელისუფლების სიჯიუტის" და მათი არგუმენტის თუ რატომ უნდა გაზრდილიყო ავღანეთში ქართული კონტინგენტი.

"რატომ არ იყო საკმარისი, რომ საქართველო ყოფილიყო წარმოდგენილი 400 სამხედროთი" , - განაცხადა ჟურნალისტმა.

ლიკლიკაძემ მაგალითად ჩეხეთი მოიყვანა და აღნიშნა, რომ ეს ქვეყანა ნატო-ს წევრია, ბიუჯეტი საქართველოზე 30-ჯერ მეტი აქვს, ხოლო ავღანეთში ქართველ სამხედროებზე სამჯერ ნაკლები ჯარისკაცითაა წარმოდგენილი.


"დღეს კი არ მესმის ახალი ხელისუფლების, რომელიც აცხადებს, რომ ჩვენ უნდა დავრჩეთ და მძიმე მემკვიდრეობა უნდა შევასრულოთ. ავსტრიამ თავისი სამშვიდობო ქვედანაყოფის გამოყვანა დაიწყო იქედან, საიდანაც საფრთხე ემუქრებათ მათ სამხედროებს. თუკი ამ ქვეყნებში ხდება კორექტირება უსაფრთხოების გარემოს შეცვლასთან დაკავშირებით, ახალ ხელისუფლებას, ივანიშვილის მთავრობას უნდა ეყოს იმის გამბედაობა, რომ დაიწყოს საუბარი ამაზე. თუმცა ჩემი აზრით, ეს იქნება ძალიან ძნელი. ყოველთვის ვამბობდი, რომ გადაწყვეტილების მიღება და ჯარისკაცების რაოდენობის გაორმაგება იქნებოდა შედარებით იოლი, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მათი გამოყვანა რთულია, რადგან ჩამნაცვლებელი არავინ არ არის ახლა ჰელმანდში, რადგან ბევრი ქვეყანა გადის ავღანეთიდან, ბევრი გაყვანის რეჟიმშია და ამცირებს თავის ქვედანაყოფებს", - განაცხადა ლიკლიკაძემ.