ავღანეთში შვიდი ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო ვაშინგტონში საქართველოს საელჩო სამძიმარს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა.
"საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 7 ივნისი, ავღანეთში ნატოს ISAF-ის მისიაში მონაწილე შვიდი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო გლოვის დღედ გამოაცხადა.
2013 წლის 7 ივნისს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, ვაშინგტონში საქართველოს საელჩოში, მსურველებს საშუალება ექნებათ გამოხატონ სამძიმარი და ჩანაწერი გააკეთონ სამძიმრის წიგნში.
საელჩოს მისამართია: 2209 Massachusetts avenue, NW, Washington, DC, 20008",-ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავღანეთში გუშინ 7 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ცხრა კი დაიჭრა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ მოწინავე ბაზასთან თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა.