ქართველი სამხედროების საქართველოში დაბრუნების მოთხოვნით პარლამენტის შენობასთან, რუსთაველის გამზირზე აქციის გამართვა იგეგმება. აქცია სოციალურ ქსელებში დაანონსდა და მასზე წასვლის სურვილს უკვე 5 614 ადამიანი გამოთქვამს.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, აქცია მდუმარე იქნება.
"არანაირი პროპაგანდა, არანაირი პილიტიკა. ჩვენი მიზანია ქართველი სამხედრების სიცოცხლის დაცვა და არა რუსეთ–ნატოს ინტერესების განხილვა", - აცხადებენ ორგანიზატორები.
6 ივნისს, ავღანეთში შვიდი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ოფიციალური ინფორმაციით, ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ მოწინავე ბაზასთან თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. გარდაცვლილები არიან: კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე, კაპრალი გიორგი ადამოვი, პირველი კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი, რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი, რიგითი ბორის ცუგოშვილი, პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი, პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი. თავდასხმის დროს დაიჭრა საქართველოს შეიარაღებული ძალების 9 სამხედრო მოსამსახურე.