იურიდიულ პირს პოლიტიკური პარტიის დაფინანსება აეკრძალება. ასევე დაწესდება ლიმიტი, თუ რამდენი შეიძლება გადარიცხოს ფიზიკურმა პირმა პარტიის ანგარიშზე, რამდენი შეიძლება შეიტანოს თითოეულმა წევრმა საწევროს სახით. რაც მთავარია, განისაზღვრება იმ თანხის მაქსიმალური ოდენობა, რომლის მიღება პარტიას შეუძლია, მათ შორის სახელმწიფო დაფინანსების ჩათვლით. ნამატი კი სახელწიფო ბიუჯეტში უნდა გადარიცხოს.
გარდა ამისა, პარტიის ფინანსურ ანგარიშგებას ცესკოს ნაცვლად კონტროლის პალატა განახორციელებს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ინიციატივას გაჟღერებისას არასამთავრობო სექტორის და პოლიტიკური პარტიების მხრიდან საკმაოდ უარყოფითი შეფასება მოჰყვა, "რეზონანსის" ინფორმაციით, კანონპროექტი ვენეციის კომისიისთვის უკვე გაგზავნილია.
ამ ინფორმაციას პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე სარედაქციო ჯგუფის ხელმძღვანელი პავლე კუბლაშვილი ადასტურებს და ამბობს, რომ ამაში უცნაური არაფერი არ არის."ნამდვილად გაგზავნილია, მაგრამ ეს პროექტი უკვე დიდი ხანია, რაც მსჯელობის საგანი გახდა. მათ შორის იუსტიციის სამინისტროში ამ პროექტთან დაკავშირებით არაერთი შეხვედრა გაიმართა. შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც ცნობილია პროექტის ტექსტი. არის ცალკეული საკითხები, რომელზეც მსჯელობა გრძელდება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით "ვენეციის კომისიის" პოზიციაც უნდა ვიცოდეთ," - აცხადებს პავლე კუბლაშვილი.
მისი თქმით, ამ პროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების შეტანის პროექტის დასკვნასთან ერთად გამოქვეყნდება და პარლამენტში ინიცირება მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება.
"საარჩევნო კოდექსთან" დაკავშირებით კი დასკვნა, როგორც თბილისში ყოფნისას ვენეციის კომისიის ხელმძღვანელმა ტომას მარკერტმა განაცხადა, 16-17 დეკემბერს გამოქვეყნდება.
იმის გამო, რომ პრეზიდენტმა ივანიშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა, მას ქვეყანაში პოლიტიკური მოღვაწეობა, მათ შორის პარტიის შექმნა, რომელიმე პარტიაში გაწევრიანება და პოლიტიკური პროცესების დაფინანსება აეკრძალა. თუმცა, საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე მას აქვს უფლება, რომ მის მიერ დაარსებული იურიდიული პირების მეშვეობით დააფინანსოს პარტია.
სწორედ ამიტომ არასამთავრობო სექტორი ამ ცვლილებებს ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენას უკავშირებს.
"ზოგადად მოვლენების ასეთი დაჩქარება გარკვეულ კითხვებს აჩენს. ასეთი დაჩქარება გვაფიქრებინებს, რომ, შესაძლოა, ამ ბოლო მოვლენებსაც უკავშირდებოდეს," - აცხადებს ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ნინა ხატისკაცი.
"არასამთავრობო" ინიციატივა
ის, რომ ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზანი სწორედ ივანიშვილისთვის პოლიტიკაში ყოფნის შეფერხებაა, ხელისუფლების მომხრე არასამთავრობო სექტორის განცხადებებიც ცხადყოფს.
რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმრავლესობის პრესსამსახურის მიერ დაანონსდა "ევროპის სახლში" არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრა, სადაც სწორედ პარტიების დაფინანსების პრობლემაზე იყო მსჯელობა და ა/ო "სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა ზურაბ ჯაფარიძემ ეს ინიციატივები მისი ორგანიზაციის სახელით წარმოადგინა.
ამასთან, მას არ დაუმალავს, რომ ინიციატივა პოლიტიკურ ასპარეზზე ივანიშვილის გამოჩენით არის განპირობებული.
მისი თქმით, "წინგადადგმული ნაბიჯია, რომ შეიძლება, იურიდიული პირის მიერ პარტიის დაფინასება აიკრძალოს, ასევე დაწესდეს ლიმიტები შემოწირულობებზე, რომელიც შეიძლება, პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიიღოს, თუმცა საეჭვოა, ხელისუფლება იურიდიული პირებისგან შემოწირულობის აკრძალვას დასთანხმდეს".
"ვთვლით, რომ პოლიტიკურ არანეზე ახალი მოთამაშის გამოჩენა, რომლის ქონებაც ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს უტოლდება, ქმნის საფრთხეს, პროცესი არა საერთაშორისოდ აღიარებული ნორმებით წარიმართოს, არამედ ხმების ყიდვით და ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ ფონზე. ვთვლით, რომ გარკვეული საკითხების დარეგულირება ზემოაღნიშნული საკანომდებლო ცვლილებებით შეიძლება, მოხდეს, თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არ არის და აუცილებელია არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობა და მონიტორინგი," - განაცხადა ჯაფარიძემ და იქვე დასძინა, რომ "არსებული საკანონმდებლო ცვლილებები, შესაძლოა, კარგია, მაგრამ ყველა საფრთხის თავიდან აცილებას ვერ უზრუნველყოფს".
ეს შეხვედრა 16 ნოემბერს გაიმართა და მაშინ ეს იდეა ისე წარმოჩინდა, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვდნენ ამ ცვლილებების გატარებას. იმის შესახებ კი, რომ კანონპროექტი უკვე მომზადებულიც იყო და გაგზავნილიც, არავის არაფერი უთქვამს.
სწორედ ამიტომ შეთანხმების მონაწილე ოპოზიციაც და არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილიც ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების ჩუმად მიღებას, პოლიტიკური პროცესისთვის საგანგაშოდ მიიჩნევს.
"მთავარი არის ის, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლება კიდევ ერთხელ მოიქცა არასწორად, რადგან ჯერ შეთანხმებაზე გააკეთეს ისეთი დამატებები ისე, რომ ჩვენთან ნახსენებიც კი არ ყოფილა. ახლა კი გადააგზავნეს რაღაც ახალი პროექტი ისე, რომ არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა გავლილი.
"პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენ ნებისმიერ საკითხს ვუდგებით არა პერსონალურად, არამედ ისტიტუციონალურად. ძალიან ბევრი თემა, რაც მე მსმენია, ეხება იმას, რაზეც ჩვენ ჯერ კიდევ 2008 წლიდან ვითხოვდით, მაგრამ არის ძალიან ბევრი ისეთი თემაც, რაც კითხვის ნიშნებს ბადებს," - ამბობს სარედაქციო ჯგუფის წევრი, "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე.
საია-ის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი კი აქცენტსი მაზე აკეთებს, რომ "იყო ორი შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში, სადაც ზეპირად გაგვაცნეს, რომ მსგავსი რამ იგეგმებოდა, მაგრამ ჩვენ პროექტი ნანახი არ გვქონდა და არც ის დოკუმენტი გვინახავს ვინმეს, რაც ვენეციის კომისიაში გაიგზავნა.
"მთავარი არის ის, რომ თვითონ პროცესი, რითაც ამ კანონპროექტის მომზადება მოხდა, აბსოლუტურად მიუღებელია. როგორც იცით, საარჩევნო კოდექსზე მიმდინარეობდა მუშაობა თვეების განმავლობაში, მერე მოხდა პარტიების ნაწილსა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება, რის საფუძველზეც უნდა მომხდარიყო "საარჩევნო კოდექსის" პროექტის მომზადება, მაგრამ პროექტში უმეტესობა ისეთი საკითხი მოხვდა, რაზეც არათუ შეთანხმება არ ყოფილა, არამედ განხილულიც კი არ იყო. ამას ახლა ემატება უკვე ეს პროექტი, რომლის მომზადებაც არავინ არ იცოდა. ამიტომაც ეს პროცესი ძალიან ბევრ კითხვას ბადებს."
არასამთავრობო ორგანიზაციების ეს ნაწილი ამ ცვლილებებს მიუღებლად მიიჩნევს და აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ხელისუფლება ამ საკითხების გატანას ცდილობს, თითქოს ეს იყოს საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები, რაც, მათი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება.
"ეს არ ყოფილა რეკომენდაციებში და ამასთან, ის საკითხები, რაც რეკომენდაციებშია მოცემული, ჯერჯერობით არსად არ არის გათვალისწინებული. თუმცა, ისიც მინდა, ვთქვა, რომ ეს იდეები არ არის საკანონმდებლო ინიციატივა და მხოლოდ ზეპირი ფორმით გამოითქვა. შესაბამისად, ამის ანალიზი ძალიან ძნელია. თუმცა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამის მიღება მსჯელობისა და დისკუსიის გარეშე არ შეიძლება," - აცხადებს ნინა ხატისკაცი.
მისი თქმით, ამ რეგულაციების შემოღებით, არსებული პრობლემები არათუ ვერ მოგვარდება, არამედ უფრო გამძაფრდება.
"ზოგადად პარტიებთან დაკავშირებული რეგულაციები ძალიან მნიშვნელოვანია და, რა თქმა უნდა, ეს რეგულაციები უნდა მოქმედებდეს. თუმცა, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ, როდესაც ერთ პარტიას აქვს მეტი ხელმისაწვდომობა რესურსებზე, რეფორმა უნდა გატარდეს არა მხოლოდ პარტიების დაფინანსების რეგულაციის მხრივ, არამედ ამ რესურსის მმართველი პარტიისთვის შეზღუდვით და საარჩევნო სისტემის ცვლილებით.
"კარგია, როდესაც რეგულაციებზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ჩვენ არ გვინდა, რომ ეს რეგულაცია ყველაზე ნაკლებად შეეხოს მმართელ პარტიას, როდესაც მათ ისედაც მეტი ხელმისაწვდომობა აქვთ სხვა რესურსებზე," - აცხადებს ნინა ხატისკაცი.
კანონპროექტის საკითხები
მართალია, პავლე კუბლაშვილი ამბობს, რომ ეს პროექტი ფართო საზოგადოებისთვის მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ვენეციის კომისია დასკვნას გამოაქვეყნებს, მაგრამ "რეზონანსი" მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ამ პროექტში ჩადებული ცვლილებების შესახებ საზოგადოება სრულ ინფორმაციას ფლობდეს.
პროექტის თანახმად, ცვლილებები "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შედის.
პირველი ცვლილება საერთოდ ახალი მუხლის დამატებას ითვალისწინებს, რომლის თანახმად, პარტიას აეკრძალება "კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა, შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, საბაზრო ფასზე მეტად საქონლის შესყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით".
კანონს ასევე დაემატება ახალი მუხლი, სადაც ნათქვამია, რომ "პოლიტიკური პარტიისთვის დადგენილი შეზღუდვები ასევე ვრცელდება: ა)იურიდიულ პირზე, თუ ის პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიასთან, ან სხვაგვარად იმყოფება პოლიტიკური პარტიის კონტროლის ქვეშ; ბ) იურიდიულ პირზე, რომელიც წარმომადგენლის, ან სხვა პირის მეშვეობით მოუწოდებს ამომრჩეველს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერის ან მხარდაჭერისაგან თავის შეკავების თაობაზე; 2. იურიდიული პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიასთან, როცა მისი ხარჯები პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკური პარტიის საქმიანობასა და მიზნებთან".
კანონპროექტში გათვალისწინებულია ისიც, რომ "პარტიის მიერ მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მოცულობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს თითოეული მოქალაქისგან. საწევროს წლიური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1200 ლარს პარტიის თითოეული წევრისაგან".
ამასთან, "შემომწირველი არ შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომლის წლიური შემოსავლების 15-% მეტს წარმოადგენს მის, ან მისი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს სასარგებლოდ განხორციელებული გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვები."
მოქალაქემ შემოწირულობა შეიძლება გააკეთოს წლის განმავლობაში რამდენიმე პარტიის სასარგებლოდ, მაგრამ შემოწირულობათა ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას - 60 000 ლარს.
პარტიის მიერ საწევროები, აგრეთვე მოქალაქეებისგან შემოწირულებების სახით ფულადი სახსრები მიიღება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით.
"შემოწირულობის განხორციელება სხვა პირთა მეშვეობით, კანონით დადგენილი შეზღუდვების გვერდი ავლის მიზნით, გამოიწვევს შემოწირულობის მიმართვას სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო სამართალდამრღვევ პირებს დაეკისრებათ კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა," - ნათქვამია კანონპროექტში.
შემოწირულობის შემტანმა პირმა უნდა მიუთითოს სახელი, გვარი, მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები".
პარტია ვალდებული იქნება ეს ინფორმაცია მიაწოდოს სახელმწიფოს.
ამასთან, თუკი პარტია აქამდე ვალდებული იყოს, ფინანსური ანგარიშგება ცესკოსთვის წარედგინა, კანონპროექტში ცესკოს კონტროლის პალატა ანაცვლებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პარტიის ფინანსურ საქმიანობას უკვე კონტროლის პალატა შეისწავლის.
პარტია ვალდებული იქნება, ყოველწლიურად განახორციელოს თავისი საქმიანობის ფინანსური აუდიტი, რომელსაც ყოველი წლის 1 თებერვლამდე კონტროლის პალატას გაუგზავნის გასული წლის საფინანსო დეკლარაციასთან ერთად. ამ კანონპროექტში ცალკე მუხლად არის გაწერილი, თუ რას უნდა მოიცავდეს ეს ანგარიში.
ასევე ემატება ისიც, რომ "პარტიის მიერ წლის განმავლობაში მიღებული სახელმწიფო დაფინანსება, შემოწირულობებისა და სხვა კანონით დაშვებული ფორმით მიღებული შემოსავლის ჯამური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2%-ს."
აქვე ისიც არის გათვალისწინებული, რომ "პარტია ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ზღვარს გადაჭარბებით მიღებული თანხები გადარიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში."
რაც შეეხება საბიუჯეტო დაფინანსებას, კანონპროექტში ნათქვმია, რომ "პარტია საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს მხოლოდ წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს კონტროლის პალატაში ყოველწლიურად, არა უგვიანეს 25 ნოემბრისა. თუ პარტიამ კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა წერილობითი თანხმობა მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსების მიღების თაობაზე, ამ ვადის გასვლიდან მეორე დღეს საქართველოს კონტროლის პალატა წერილობით აცნობებს პარტიას ამის შესახებ. პარტიას უფლება აქვს საქართველოს კონტროლის პალატაში წერილობითი გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის ვადაში წარადგინოს შესაბამისი თანხმობა. თუ პარტიამ საქართველოს კონტროლის პალატის მიერ დადგენილ ვადაში კვლავ არ წარადგინა შესაბამისი თანხმობა, იგი კარგავს მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლებას, რის შესახებაც მას წერილობით აცნობებს საქართველოს კონტროლის პალატა. საქართველოს კონტროლის პალატა ვალდებულია პარტიის მიერ საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლების დაკარგვიდან 5 დღეში აღნიშნული თანხა დააბრუნოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში."
ამასთან, კანონპროექტში მითითებულია, რომ ცვლილებები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.