საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტი შეწყვიტა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა. მინისტრი პირადად გაეცნობა ადგილზე არსებულ ვითარებას, მოინახულებს დაჭრილ ქართველ სამხედროებს და შეაფასებს ქართულ ბაზებზე არსებულ მდგომარეობას.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცით, ირაკლი ალასანია უკვე შეხვდა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს. ბისმელა მოჰამადმა მწუხარება გამოთქვა ქართულ კონტიგენტზე თავდასხმის შედეგად ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო. მან ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრს ქართველი სამხედროების თავდადებისათვის და ტერორიზმის წინააღმდეგ აქტიური და პროფესიონალური ბრძოლისთვის.
ორი ქვეყნის მინისტრმა ავღანეთში ამ დროისთვის არსებული ვითარება და მოქმედების სამომავლო გეგმები დეტალურად განიხილეს.