ქართველი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. "ავღანეთში განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაჭრილი სამხედროები ამ დროისთვის ბაზა "ბასტიონზე", მთავარ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი. უმრავლესობას ბაროტრავმა აღენიშნება.
როგორც 42-ე ბატალიონის სამხედრო ექიმმა, მაიორმა ზურაბ ზაქარაიამ აღნიშნა, ქართველი სამხედროების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ისინი 24 საათის განმავლობაში მაღალკვალიფიციური ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ავღანეთში დღეს კიდევ 7 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ოფიციალური ინფორმაციით, ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ მოწინავე ბაზასთან თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. გარდაცვლილები არიან: კაპრალი ორთავიძე თეიმურაზი თამაზის ძე, კაპრალი ადამოვი გიორგი ნუგზარის ძე, პირველი კლასის რიგითი გურგენაშვილი ზურაბი გიორგის ძე, რიგითი ნარინდოშვილი მიხეილი ვეფხვიას ძე, რიგითი ცუგოშვილი ბორისი ტარიელის ძე, პირველი კლასის რიგითი სულხანიშვილი ზვიადი სულხანის ძე და პირველი კლასის რიგითი ღუჭაშვილი გიორგი ვაჟას ძე. თავდასხმის დროს დაჭრილია საქართველოს შეიარაღებული ძალების 9 სამხედრო მოსამსახურე.