ხობიდან ფოთისკენ მიმავალი "ტოიოტას" მარკის ავტომანქანა, რომელშიც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ისხდნენ, მდინარე რიონში გადავარდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება ბანკეტით უნდა აღენიშნათ. სამაშველო სამსახურის თანამშრომლების განცხადებით, ძლიერი დამუხრუჭების შემდეგ, მანქანა ხმელეთზე ორჯერ ამოტრიალდა, შემდეგ კი მდინარეში გადავარდა.
"საბედნიეროდ, მანქანაში მსხდომმა სამივე მოზარდმა, მდინარიდან ამოსვლა მოახერხა და არც ერთ მათგანს სერიოზული დაზიანება არ მიუღია. მანქანა ისევ რიონში რჩება და ვფიქრობთ, როგორ შეიძლება მისი ამოყვანა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ფოთის სამაშველო სამსახუროს უფროსმა თენგიზ ხაზალიამ.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე არიან მობილიზებული სამაშველო და საპატრულო ბრიგადები, რომლებიც ავარიის გამომწვევ მიზეზებზე, ამ ეტაპზე არ საუბრობენ.