საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართვას უგზავნის და სთხოვს, ქართველი სტუდენტების უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა დააფინანსოს.
როგორც მიმართვაშია ნათქვამი, ახალგაზრდების ნაწილი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება, თუმცა, მსურველთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ შემცირებული ბიუჯეტის ფონზე ყველა მათგანის დახმარება შეუძლებელია.
"ბატონო ბიძინა, დამეთანხმებით, საქართველოს მომავალი განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლებაა. ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში დიდ ყურადღებას ვუთმობდი ამ სფეროს და თქვენთვის კარგად ცნობილია ის ურთულესი რეფორმები, რომლებიც ჩემმა მთავრობამ განათლების სისტემაში განახორციელა. ამის მიუხედავად, ფაქტია ისიც, რომ განათლებული კადრის გარეშე ვერც ერთი სისტემა ვერ იმუშავებს და ამ გარემოებით იყო განპირობებული, რომ წლების განმავლობაში ათეულობით მილიონი დავხარჯეთ იმისათვის, რომ რეფორმების პარალელურად, ხელი შეგვეწყო ქართველი ახალგაზრდების საზღვარგარეთ სწავლისათვის.
თქვენთვის კარგად არის ცნობილი ის გარემოებაც, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი თქვენმა მთავრობამ რამდენჯერმე შეამცირა. ამის მიუხედავად, ჩვენ გადავწყვიტეთ, ფონდის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავაც ახალგაზრდების განათლებაზე მიგვემართა და ამ მიზნით 1 მილიონი ლარი გამოვყავით.
საბედნიეროდ, ახალგაზრდების დაინტერესება კვლავაც ძალიან დიდი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით ყველა ღირსეულის დაფინანსება. ამიტომ, გადავწყვიტე, გადმოგიგზავნოთ აპლიკანტების სრული სია ყველა სათანადო დოკუმენტაციით და გთხოვოთ, რომ გამოყოთ სათანადო სახსრები მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, რათა დამატებით გამოავლინოთ ღირსეული კანდიდატები და მისცეთ მათ საშუალება, ისწავლონ მსოფლიოს საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში.
ამ წერილთან ერთად გეგზავნებათ აპლიკანტთა სია სათანადო დოკუმენტაციით. იმედს ვიტოვებ, რომ ყურად იღებთ ჩემს თხოვნას", – ნათქვამია პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრისადმი გაგზავნილ მიმართვაში.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, "მომავალ წლებშიც არასოდეს შეწყდეს მსგავსი კონკურსები, რათა კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას მიეცეს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების საშუალება". "ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.