ალეკო კვახაძე ვარაუდობს, რომ

ალეკო კვახაძე ვარაუდობს, რომ "თალიბების" სახელით გავრცელებულ ვიდეოს ავტორი ქართველია

კავკასიოლოგ ალეკო კვახაძე ვარაუდობს, რომ "თალიბების" სახელით გავრცელებულ ვიდეოს ავტორი ქართველია. ის ვიდეოს - "ჯიჰადის ავღანეთში ქართული ჯარების წინააღმდეგ" რამდენიმე დეტალზე ამახვილებს ყურადღებას.


"ვიდეოს ავტორს, ვინმე ჰამმად ძამან-ს საცხოვრებელ ადგილად მითითებული აქვს შემდეგი დასახლებული პუნქტი - Herati, Helmand, Afghanistan, სადაც ფიქსირდება 2 ფაქტობრივი შეცდომა: ქალაქი ჰერატი არ მდებარეობს ჰელმანდის პროვინციაში, არამედ არის პროვინცია ჰერატის ადმინისტრაციული ცენტრი; ქალაქს სპარსულ და ფუშთუ ენაზე ჰქვია ჰერაათ ( هرات) და არა ჰერატი, როგორც ეს ავტორს აქვს მითითებული. სავარაუდოდ, ავტორის მშობლიურ ენაში არის სახელობითი ბრუნვის ნიშანი -ი, რომელიც თანხმოვანზე დაბოლოებულ სახელებს ემატება. ევრაზიის მაკროკონტინენტზე ასეთი ორი ენაა: ქართული და მეგრული. ამასთან, ვიდეოზე ინგლისურად მოსაუბრე პირი არ საუბრობს არც ავღანელებისთვის და არც პაკისტანელებისთვის დამახასიათებელი აქცენტით. ავტორი ბრიტანული ინგლისურით საუბრობს, თუმცა ეტყობა რომ Native speaker-ი არ გახლავთ. ქვის ხანაში მყოფი თალიბანის მოძრაობა ქართველი ჯარისკაცების პირადი ფოტოების მოპოვებას კომპიუტერის მეშვეობით დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა. ვიდეოზე ასახულია ოსამა ბენ-ლადენის ლიკვიდაციის ვიდეოკადრები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ვიდეორგოლის შემქმნელი არ არის კარგად ჩახედული თალიბანის საბრძოლო ოპერაციებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, თალიბანისთვის სამარცხვინო კადრებს იგი არ დადებდა. ამ ყველაფერს დაუმატეთ პოლიტიკური კონიუქტურა, ნატო-ში ინტეგრაცია, რუსეთის გააქტიურება და თავად გამოიტანეთ დასკვნები", - აცხადებს კვახაძე.

შეგახსენებთ, რომ Youtube-ზე თალიბების სახელით გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ნათქვამია, რომ ყველა, ვინც თალიბების წინააღმდეგ გაილაშქრა, დაისაჯა და ეს ბედი ელით ქართველებსაც. ჩანს ქართველი ჯარისკაცების ჩამოსვენების კადრები და ფოტოები, სადაც ქართველ ჯარისკაცებს სამხედრო ფორმა აცვიათ. ფოტოებს ჯარისკაცების სახელები და გვარებიც აწერია.