სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილის შეფასებით, 9 ივნისის კონფერენცია სასამართლო ხელისუფლების სამომავლო ფორმირებისა და მის ძლიერ ინსტიტუციად ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.
მოსამართლეთა კონფერენციასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც გამოთქვამს მუდმივ მზადყოფნას, ამ პროცესისადმი კონტრიბუცია განახორციელოს.
"საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს 2013 წლის 1-ელი მაისის ორგანული კანონით დადგენილი რეგულირება უზრუნველყოფს სასამართლოს ჯეროვან და რეალურ დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას. ამ მიმართებით მოსამართლეთა 2013 წლის 9 ივნისის კონფერენცია იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი სასამართლო ხელისუფლების სამომავლო ფორმირებისთვის და მის ძლიერ ინსტიტუციად ჩამოყალიბებისთვის. სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპის დაცვის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი გამოთქვამს მუდმივ მზადყოფნას, განახორციელოს კონტრიბუცია ამ პროცესისადმი", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ომბუდსმენის აზრით, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ 2013 წლის პირველი მაისის საკანონმდებლო ცვლილებებმა შესაძლებელი გახადა, რომ თითოეულმა მოსამართლემ გააცნობიეროს მისი, როგორც სასამართლო ხელისუფლების უმთავრესი განმახორციელებლის უმნიშვნელოვანესი როლი.
"საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს მოსამართლეთა კონფერენციის მონაწილეებს, არჩევანი გააკეთონ, უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ხელისუფლების ღირსებისა და ავტორიტეტის ინტერესებით ნაკარნახევი შინაგანი რწმენით", - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს საერთო სასამართლოების ადმინისტრაციული კომიტეტის 2013 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით, დამტკიცდა მოსამართლეთა კონფერენციის ჩატარების თარიღი - 2013 წლის 9 ივნისი.