კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" არსებობს, რამდენადაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა გრიგორი კარასინის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი ამ კანონის გაუქმებას ითხოვს და ამ მოთხოვნას რეგულარული ხასიათი აქვს.
"კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" არსებობს, რამდენადაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია. მსგავსი მოთხოვნები ხელს ვერ შეგვიშლის, კანონში საქართველოს სახელმწიფო ინტერესების შესაბამისი ცვლილებები შევიტანოთ. საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებები მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარეობს და არ აქვს კავშირი რომელიმე სხვა ქვეყნის ინტერესებთან. ჩვენი ამოცანაა, კანონმა დაიცვას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპები და ამავდროულად, არ იყოს არაადეკვატურად მკაცრი უცხო ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირების მიმართ", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა, რომელიც სამუშაო ვიზიტით შვეიცარიაში იმყოფება.
ოფიციალური მოსკოვი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს მოქმედი კანონის გაუქმებას ითხოვს, რომელიც სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითვალისწინებს მათ მიმართ, რომლებიც აფხაზეთში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში საქართველოს საზღვრის გადაკვეთის გარეშე გაემგზავრებიან.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა რუსულ მედიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
"მთავარი, რაც ჩვენს ტურისტებს საფრთხეს უქმნის, არის სისხლის სამართლის საქმის აღძვრა აფხაზეთსა და ოსეთში სტუმრობის გამო. ჩვენ ვთვლით, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა ამ კანონის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება", - განაცხადა კარასინმა.