საქართველოს პროკურატურას დღეს, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მაღალი დონის ანალიტიკოს-ექსპერტები ფრანცისკო ხავიერ აგუირრე არამბურუ და იელენა პლამენაკი ეწვივნენ. პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს წარმომადგენლები ქართველი პროკურორებისა და გამოძიებლებისათვის ტრენინგს მართავენ.
ჰააგის სასამართლოს ექსპერტები საქართველოს პროკურატურაში რომის სტატუსით გათვალისწინებული ომის დანაშაულობებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების გამოცდილებას, 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შემსწავლელი საგამოძიებო ჯგუფის წევრებსა და მთავარი პროკურატურის გამომძიებლებსა და პროკურორებს გაუზიარებენ.
ტრენინგი ორდღიანია და მოიცავს ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის იურისდიქციაში შემავალი დანაშაულობების გამოძიების გამოცდილების გაზიარებას. კერძოდ, ჰააგის სასამართლოს ექსპერტები ქართველ კოლეგებს გააცნობენ ომის დანაშაულობების, გენოციდისა და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების საერთაშორისო პრაქტიკას, ამგვარი დანაშაულის გამოძიების სტრატეგიას, მისი მართვის პრინციპებს და მტკიცებულებათა მოპოვების მექანიზმებს.