პარტია "თავისუფალი საქართველო" მთავარი პროკურორის გადადგომას მოითხოვს. ამასთან დაკავშირებით პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ დღეს პრესკონფერენცია გამართა.
კახა კუკავა აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია არჩილ კბილაშვილის მიერ 26 მაისის დარბევაში მონაწილე სპეცრაზმელების შესახებ გაკეთებული განცხადება. კუკავას თქმით, კბილაშვილმა განაცხადა, რომ 26 მაისს, დარბევაში მონაწილე სპეცრაზმელების პასუხიმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს, რადგან ისინი ხელმძვანელობის ბრძანებას ასრულებდნენ.
"ჩვენ ვითხოვთ კბილაშვილის გადადგომას, მიუხედავდ იმისა, რომ ის არის სრული ბუტაფორია და პროკურატურაში ყველაფერს მართავენ მისი პირველი მოადგილე და თბილისის პროკურორი. შევარდნაძის და სააკაშვილის პროკურორები დარჩებიან თუ არა, ეს უნდა გადაწყვიტოს ახალმა მთავარმა პროკურორმა. ვინაიდან, პროკურატურამ დაამტკიცია თავისი სრული იმპოტენტობა გასული თვეების მანძილზე, პროკურორი უნდა გადადგეს, ბატონი კბილაშვილი დაკავდეს ისევ ბანკირების ადვოკატობით, პროკურორობა მას არ გამოსდის", - განაცხადა კუკავამ.
პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ პრემიერი და შს მინისტრი ხშირად აკეთებენ ლოიალურ განცხადებებს.
"26 მაისის ოპერაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ჯანაშვილი ახლაც მუშაობს შსს-ში. მე ხვდები რა არის ამ ხელისუფლების მოტივაცია, როდესაც სპეცრაზმელებს პირდება იმუნიტეტს, ეს არის ის, რომ ისინი არ გამორიცხავენ თავადაც დასჭირდეთ მსგავსი მეთოდების გამოყენება. როდესაც მღვდელმსახურებს 24 საათში ბრალი წაუყენეს იმისათვის, რომ ერთმა დედა შეიგინა და მეორემ ტაბურეტი აიღო ხელში. სპეცრაზმელებს, რომლებიც ახორციელებენ წამებას რუსთაველის გამზირზე თურმე ხელისუფლება ამის მიმართ უნდა იყოს ტოლერანტული. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებას არეული აქვს არამარტო სამართვლებრივი სტანდარტები, არამედ მორალური და პოლიტიკური სტანდარტებიც", -აცხადებს კახა კუკავა.