ქართული ღვინო რუსეთისკენ მომავალ კვირას დაიძვრება, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დასრულდა ყველა საჭირო პროცედურული ღონისძიება ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნების კუთხით. მისივე თქმით, ამ კვირიდან დაიწყო აქციზური მარკების გაცემა და უკვე გამოგზავნილია საქართველოში აქციზური მარკები.
დავითაშვილის ინფორმაციით, ასევე დაწყებულია პირველი პარტიების გამზადება და ღვინის ჩამოსხმა რუსეთში გასაგზავნად.
"მომავალ კვირას ყველას გეპატიჟებით იმ საწარმოებში, სადაც პირველი საექსპორტო პარტიები მზადდება რუსეთში გასაგზავნად. იმედი მაქვს, დღე-დღეზე დაიწყება მომართვა ღვინის ეროვნულ სააგენტოში კომპანიების მხრიდან, რომლებსაც აქციზური მარკები მიღებული აქვთ და ექსპორტისთვის მზად არიან. მე უკვე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ აქციზები ფიზიკურად მიღებულია და იქით კვირას, რუსეთში ქართული პროდუქტი დაიძრება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ათამდე კომპანიას აქვს აქციზურ მარკაზე განაცხადი შეტანილი, ფიზიკურად კი 2 კომპანიას აქვს მიღებული აქციზური მარკები.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ასევე ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე მოხდება ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან. რაც შეეხება ღვინის რაოდენობას, მისი თქმით, სასტარტოდ დაახლოებით მილიონი ბოთლის შეკვეთა აქვთ მიღებული ქართულ საწარმოებს, თუმცა ეს რიცხვი გაიზრდება.