საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის თანახმად, ვალის კრიზისი გლობალური ეკონომიკისათვის დაკარგული ათწლეული იქნება, თუკი ვერ მოხერხდა ევროზონის ვალის კრიზისის საყოველთაო გავრცელების შეჩერება. კრისტინ ლაგარდმა აღნიშნული განცხადება გააკეთა ჩინეთში, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა მოუწოდა ჩინეთს და სხვა ქვეყნებს დაეხმარონ ევროპას ფინანსური კრიზისის დაძლევაში.
პეკინში მყოფმა კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ თუკი განვითარებული ეკონომიკური ქვეყნები გაერთიანებული ძალებით არ იმოქმედებენ, მსოფლიოს ფინანსური არასტაბილურობა და გაურკვევლობა დაემუქრება და აღმოვჩნდებით იმ რისკის ქვეშ, რასაც ზოგიერთი კომენტატორი უკვე უწოდებს დაკარგულ ათწლეულს. მსოფლიო ეკონომიკა პერმანენტული მტრული უკუკავშირის ჯაჭვის წინაშეა, აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა მენეჯერმა, მიანიშნა რა იმ ფაქტზე, რომ ეკონომიკური რეცესია და საფინანსო სისტემის დასუსტება ერთმანეთს კვებავენ:
~ვფიქრობთ, რომ მსოფლიოს ეკონომიკა შევიდა სახიფათო და გაურკვეველ ფაზაში. მტრული უკუკავშირის ჯაჭვი არსებულ ეკონომიკასა და ფინანსურ სექტორს შორის პერმანენტული ხდება, ასევე უმუშევრობაც, რომელიც მე ვახსენე აშშ-ებთან მიმართებაში, რაც უჩვეულოა, მნიშვნელოვნად ძლიერდება და დაუშვებლად მაღალ დონეზეა.
ეკონომისტების განმარტებით, მტრული უკუკავშირის ჯაჭვი თავს იჩენს, როდესაც საქონლის წარმოება და მომსახურება ეცემა ფინანსური კრიზისის შუაგულში. ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის დროს და ეს გრძელდება 2011 წლის შუაგულიდან ევროპის კავშირის საბანკო და ვალების კრიზისის შემთხვევაში. ეკონომისტების განმარტებით, ასეთ ვითარებაში რეცესიის ტენდენცია უფრო საშიშია და თან ახლავს უფრო ნელი ეკონომიკური აღორძინება, ვიდრე ჩვეულებრივ რეცესიას.
როგორც ზემოთ ითქვა, მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის კრისტინ ლაგარდის კომენტარი გაკეთდა ჩინეთში მისი ორდღიანი ვიზიტის დროს. ამ ვიზიტის ყურადღების ცენტრშია ის ნაბიჯები, რაც პეკინმა უნდა გადადგას, რათა შეამსუბუქოს ევროპის ვალის კრიზისით გამოწვეული გლობალური საფრთხე. მოელოდნენ, რომ ჩინეთის ხელისუფლებასთან შეხვედრის დროს ლაგარდი წამოჭრიდა ასევე ჩინეთის შესაძლო კონტრიბუციას ევროპული ფინანსური სტაბილურობის ფონდში, რომელიც, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის თქმით, დეკემბრის ბოლოს აუცილებელი ფონდებით შეივსება. ლაგარდმა ასევე მოუწოდა ჩინეთს, გადადგას ნაბიჯები ნაციონალური ვალუტის - იენის - კურსის გასაძლიერებლად.
მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ფინანსური სისტემის რეფორმა და, როგორც მანამდე ვთქვი, ჩინეთს ასევე ესაჭიროება რეალური გავლენის მქონე უფრო ძლიერი ეროვნული ვალუტა. თუმცა ამ კუთხითაც არსებობს პროგრესი.
ლაგარდის ჩინეთში ვიზიტი დაემთხვა პერიოდს, როდესაც ევროპის ცალკეული ქვეყნების - საბერძნეთისა და იტალიის - ვალის კრიზისი მზარდ შეშფოთებას იწვევს.
საბერძნეთის კანონმდებლები აგრძელებენ საპარლამენტო ბრძოლას, რათა მიაღწიონ კონსენსუსს 100 დღიანი მთავრობის დასამტკიცებლად, რომელმაც უნდა განახორციელოს ხარჯების შემცირების ის ზომები, რაც ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების მისაღებად არის აუცილებელი. სატელევიზიო მიმართვაში თანამდებობიდან გადამდგარმა ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გეორგიუს პაპანდრეუმ გამოთქვა იმედი, რომ ქვეყნის პოლიტიკური პარტიები შეძლებენ აუცილებელი კონსენსუსის მიღწევას.
პაპანდრეუსგან განსხვავებით, 8 ნოემბერს გადადგომის პირობა დადო იტალიის სტაჟიანმა პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პარლამენტი დაამტკიცებს ხარჯების შემცირების მკაცრ ზომებს, რასაც ევროკავშირი მოითხოვს ქვეყნის საზიანო ვალების შემცირების სანაცვლოდ. თუმცა ბერლუსკონის დაპირება არ იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ქვეყანა შეძლებს გრძელვადიანი რეფორმების განხორციელებას. როგორც შედეგი, რეკორდულად დაეცა იტალიის 10 წლიანი ობლიგაციის მიმდინარე ღირებულება, ხოლო საბაზრო ფსონმა მათზე კრიტიკულ ზღვარს - 7 პროცენტს - მიაღწია.