ექსპერტ კახი კახიშვილის აზრით, შსს-ს ხელში არსებული ფარული ჩანაწერების განადგურება, მოცემული მომენტისათვის დაუშვებელია. კახი კახიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, რომ ეს ის მასალებია, რომელიც ბოლო 9 წლის განმავლობაში შეგროვდა თანამდებობის უფლებამოსილების გადამეტებით, შეგნებულად, შემდგომში ადამიანებზე მანიპულაციის მიზნით და წარმოადგენს მტკიცებულებას შსს-ს შესაბამისი თანამდებობის პირთა წინააღმდეგ.
კახიშვილის თქმით, ამ ადამიანების პასუხისმგებლობის საქმის დასმისა და საკითხის სასამართლოში დაყენების გარეშე, მტკიცებულებების განადგურება შეუძლებელია. ექსპერტი ამბობს, რომ მანამ სანამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართ არ იქნება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებები, მტკიცებულებების განადგურება არ შეიძლება.
"ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" კანონი იმას ამბობს, რომ მაგალითად, თუკი ხდება დანაშაულის მომზადება და შენ ამონტაჟებ ფარულ კამერას, გაქვს მოლოდინი იმისა, რომ დანაშაულის მომზადების სტადიას გადაიღებ, მაგრამ მოხდა ვიღაცის სქესობრივი კავშირის აქტი და არ მოხდა დანაშაულის მომზადების პერიოდი, ასეთი მასალა დაუყონებლივ უნდა გაანადგურო. მაგრამ, როდესაც სისტემა მოქმედებს იმისათვის, რომ ასეთი ტიპის კადრები მოიპოვო და მანიპულაცია მოახდინო ადამიანებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილი აქვს სახელმწიფო თანხების გაფლანგვას და უფლებამოსილების გადამეტებას. იმისათვის, რომ შენ ეს დანაშაული ადამიანებს დაუმტკიცო, საჭიროა ნივთიერი მტკიცებულება - რა გამოიყენა ბოროტად, როდის გადაიღო და ასე შემდეგ. აი, ამაზეა საუბარი. მაგალითად, პირობითად რომ ვთქვათ, მოხდა დათა ახალაიას დაკავება და ეუბნებიან, რომ ის 2005 წლიდან 2009 წლამდე ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებს უკანონოდ იღებდა, სასამართლო პროცესზე რა უნდა ითქვას, რომ ჰქონდათ ამის დამადასტურებელი კადრები, მაგრამ გაანადგურეს? დანაშაული არის სწორედ ის, რომ არ შეიძლებოდა ასეთი მასალების შენახვა, მაგრამ ინახავდნენ და ეს უნდა დაუმტკიცო. მტკიცებულებებით უნდა დაამტკიცო, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ადგილი ჰქონდა "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" კანონის დარღვევას", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" კახა კახიშვილმა.