"ჩვენ მაქსიმალურად წარმოვაჩენთ ჩვენს მიერ განხორციელებულ რეფორმებს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში გამართულ საერთაშორისო კონფერენციის დასრულების შემდეგ განუცხადა, რომელიც თემას: "გზა ევროპული ინტეგრაციისკენ სამართალდამცავი უწყებების როლი" მიეძღვნა.
მისივე განმარტებით, საქართველოს, ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირსა და შსს შორის სავიზო დიალოგის ფარგლებში 2013 წლის თებერვალში იქნა მიღებული, დიდი რეფორმები აქვს გასატარებელი.
"როგორც იცით, თებერვალში მივიღეთ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა. დღევანდელი კონფერენცია მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ამ სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩვენს სამინისტროს აქვს დიდი რეფორმები გასატარებელი. ჩვენ მოვიწვიეთ დაახლოებით 20 ქვეყნის წარმომადგენელი, რათა მათ გავაცნოთ ჩვენს მიერ გატარებული რეფორმები, ასევე გავცვალოთ ინფორმაციები და გამოცდილება ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, არალეგალური მიგრაცია და ა.შ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, მან საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დღევანდელი კონფერენცია სწორედ მის მიერ იქნა ორგანიზებული და დაფინანსებული.
"ჩვენ მაქსიმალურად წარმოვაჩენთ ჩვენს მიერ განხორციელებულ რეფორმებს", – აღნიშნა ღარიბაშვილმა.