"ეს ღონისძიება არის კარგი საშუალება იმისა, რომ დავამყაროთ პირდაპირი კონტაქტები ევროპასთან", – ამის შესახებ სასტუმრო "ჰოლიდეი ინნში" შსს-ს ორგანიზებით და ევროკავშირისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე კონფერენციაზე "გზა ევროპული ინტეგრაციისკენ – სამართალდამცავების უწყებების როლი" შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობისთვის ევროინტეგრაცია ძალიან მნიშვნელოვანია.
"ძირითადი ვალდებულებების შესრულება აუცილებელია. რეფორმები ქვეყანას დაეხმარება ტრანსფორმაციის პროცესში", - აცხადებს ღარიბაშვილი.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის ფილიპ დიმიტროვის განცხადებით, კონფერენცია უკავშირდება საქართველოს მისწრაფებას, რომ დაუახლოვდეს ევროპას.
"როგორც იცით ევროპას აქვს თავისი მაღალი სტანდარტები და მოთხოვნები, ეს საქართველოსთვის დიდი გამოწვევაა. ამავე დროს ქვეყანამ გასულ წლებში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. იმედია, ეს კონფერენცია უკეთ წარმოაჩენს იმას, თუ რა არის ევროპის მოლოდინი," – აღნიშნა დიმიტროვმა.
კონფერენციას ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი 20 ქვეყნის შს სამინისტროებისა და საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებიან.