სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეებთან ერთად ფოთში სანაპირო დაცვის ბაზა დაათვალიერა. ღონისძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაურმა უმასპინძლა. მოგვიანებით, სტუმრებისთვის სახელმწიფო საზღვრის მართვის სახმელეთო და საზღვაო სფეროებში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების პრეზენტაცია გაიმართა. სტუმრებს ასევე სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზა, მართვის ცენტრი და გემთსარემონტო სახელოსნო დაათვალიერებინეს.
დღესვე სანაპირო დაცვის ბაზამ ნატო–სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მოხალისეებსაც უმასპინძლა.
ღონისძიება საქართველოში მიმდინარე ნატო–ს კვირეულის ფარგლებში გაიმართა. ნატო–ს კვირეული 3 ივნისს დაიწყო და 10 ივნისამდე გაგრძელდება. საქართველოში ნატო–ს დღეები უკვე მეექვსედ ტარდება. კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ნატო–ს შტაბ-ბინიდან მაღალი დონის სტუმრები ეწვევიან. თბილისში და რეგიონებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები: შეხვედრები სტუდენტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სპორტული ღონისძიებები, გამოფენები, სხვადასხვა კონკურსები და დებატები.
ნატო–ს კვირეული ნატო–სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით იმართება. კვირეულის მხარდამჭერები ასევე არიან რუმინეთის საელჩო საქართველოში (ნატო–ს საკონტაქტო საელჩო) და ნატო–ს სამეკავშირეო ოფისი. ნატოს კვირეული 10 ივნისს „ნატო–ს ახალგაზრდული სამიტით“ დაიხურება.