საქართველოს პრეზიდენტი მთავრობას ახალგაზრდების უცხოეთში სწავლის დაფინანსებისკენ მოუწოდებს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სამაგისტრო პროგრამის გამარჯვებულ სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, ყველას უნდა აინტერესებდეს, რომ საქართველოს ჰყავდეს განათლებული თაობა.
"ძალიან ბევრი კონკურსანტი იყო, თუმცა სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის ფონდი წელს გაცილებით მცირეა, ვიდრე გასულ წელს. განაცხადის შემომტანთა 90% სასწავლებლად გასაშვები იყო, თუმცა 200-მდე აპლიკანტიდან მხოლოდ 37 გავუშვით. ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი. იმის მიუხედავად, რომ ბიუჯეტში არის პრობლემები, ეს არ არის თემა, რომელზეც ფულს უნდა ვზოგავდეთ. ჩვენ უნდა გავუშვათ უცხოეთში ბევრი სტუდენტი", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბევრი საინტერესო ახალგაზრდა დაფინანსების გარეშე დარჩა და სამწუხაროა, რომ სულ უფრო მეტი კვალიფიციური სპეციალისტი საზღვარგარეთ სამუდამოდ წასვლაზე ფიქრობს.
"ეს არის ტრაგედია, რაც არ უნდა დავუშვათ. ჩემი ერთ-ერთი სიამაყე იყო ის, რომ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ასეთი ხალხი ბრუნდებოდა საქართველოში. ღმერთმა დაგვიფაროს, მივიღოთ მიგრაციის ნეგატიური ბალანსი. ამას მივაღწევთ, თუ ყველანი ერთად ვიმუშავებთ. ყველა უნდა დაეუფლოს საუკეთესო ცოდნას, მაგრამ უნდა შევქმნათ პირობები, რომ ასეთი ადამიანების ცოდნა გამოყენებული იყოს საქართველოს საკეთილდღეოდ. ჩვენი ფონდი წელს იყო ძალიან მცირე, რაც მოხმარდა კონკრეტულ პროფესიებს. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, დააფინანსოს ჩვენი ახალგაზრდები უცხოეთში. ამაზე უკეთეს საქმეს ქვეყნისთვის ისინი ვერ გააკეთებენ. ამას აკეთებდა ჩემი მთავრობა და მინდა, ეს გააკეთოს ჩვენი მთავრობის შემცვლელმა მთავრობამაც. პრეზიდენტის ფონდში ფული არ დაგვიტოვეს, მაგრამ რაც დაგვიტოვეს, იმის დიდ ნაწილს ვახმართ განათლებას. მოვუწოდებ მთავრობას, იმ ხალხს, ვინც ჩვენთან გაიარა გასაუბრება, მაგრამ ჩვენი ფული არ ეყო, მთავრობამ მისცეს სარეზერვო ფონდიდან, რადგან ეს ახალგაზრდები წახალისებას იმსახურებენ",- განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მთავრობა მის მოწოდებას მოუსმენს, ახალგაზრდებს უნიკალური შესაძლებლობის მიღმა არ დატოვებს და საზღვარგარეთ გაუშვებს.