ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ნატო-სა და საქართველოს პარტნიორობა ღირებულებებზეა დამყარებული.
ამის შესახებ რასმუსენმა ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ანდერს ფოგ რასმუსენმა ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე ისაუბრა.
"საქართველო ალიანსის საიმედო პარტნიორია და ISAF-ში მონაწილე ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია. ეს ქვეყანა ავღანეთის მომავალ მისიაში ჩვენი პოტენციური პარტნიორია. საქართველო ნატო-ში გაწევრიანებისკენ მიისწრაფის. ეს ყველაფერი ძალიან შთამბეჭდავია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველო თავდაცვის სფეროში მნიშვნელოვან და გრძელვადიან რეფორმებს ახორციელებს. დღეს, თავდაცვის მინისტრებმა მადლიერება გამოხატეს საქართველოს მიმართ ჩვენი საერთო მიზნების მხარდაჭერისათვის. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ნატო მხარს უჭერს საერთაშორისო ნორმებით აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მზად არიან, მხარი დაუჭირონ და დაეხმარონ საქართველოს რეფორმების განხორციელებაში", - განაცხადა რასმუსენმა და დასძინა, რომ ნატო-სა და საქართველოს პარტნიორობა ღირებულებებზეა დამყარებული.