უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია იმედოვნებს, რომ მომავალში პრემიერ-მინისტრი "ასეთი მნიშვნელოვანი შეკრებების დროს თავის გრაფიკთან შეათავსებს".
ამის შესახებ ბოკერიამ ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, სხდომაზე განსახილველი თემები იყო ოკუპაციის ხაზის გადმოწევა და არაღიარების პოლიტიკა. ბოკერიას შეფასებით, შეხვედრამ საქმიანად ჩაიარა და ძალიან სასარგებლო იყო.
"რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ პრემიერ-მინისტრმა ვერ მოახერხა მოსვლა, განსაკუთრებით, მისი გუშინდელი მოწოდებების ფონზე. თუ არ ვცდები, ის იყო რაღაც პარტიის ყრილობაზე და როგორც მერე განაცხადა, ვერ შეცვლიდა გრაფიკს, რადგან ეს არ იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი. არ ვეთანხმებით პრემიერ-მინისტრს. იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალში თავის გრაფიკთან შეათავსებს ასეთი შეკრებების დროს და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა საოკუპაციო სახის გადმოწევა, რომელიც ჩვენი მოქალქეების ცხოვრებას პირდაპირ ეხება და წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი სუვერენიტეტისთვის და არაღიარების პოლიტიკაზე ასეთივე საქმიანი შეხვედრები გვექნება, რომელშიც პრემიერიც მიიღებს მონაწილეობას", - განაცხადა ბოკერიამ.
მისივე ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე “მრავალ შესაძლო ერთობლივ მოქმედებაზე" იყო საუბარი, თუმცა მან დეტალებზე საუბარი არ ისურვა.
"კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ეს იყო ძალიან სასარგებლო და საქმიანი საუბარი, უფრო მეტი, ვიდრე კონსტრუქციული. იმედი მაქვს, რომ მომავალშიც იქნება შესაძლებლობა ასეთ საკითხებზე საუბრის. ხაზს ვუსვამ, იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრს, რომელმაც მანამდე ძალიან ხმამაღალი განცხადებები გააკეთა ამასთან დაკავშირებით, ხოლო შემდეგ რატომაღაც დრო ვერ გამონახა მოსვლისთვის, ამ მუშაობაში მონაწილეობის საშუალება ექნება. ჩვენს შორის არის ფუნდამენტური, უზარმაზარი განსხვავებები და ვითარება ქვეყანაში ჩვენი აზრით, არის საკმაოდ მძიმე მრავალი მიმართულებით, მაგრამ ქვეყნის ინტერესები გულისხმობს სწორედ იმას, რომ მიუხედავად ამისა, სადაც არის შესაძლებლობა და აუცილებლობა ერთობლივი მუშაობის, ეს უნდა მოხერხდეს. უშიშროების საბჭოს არის ერთ-ერთი ასეთი ფორმატი და იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც ასეთი მუშაობა გაგრძელდება", - განაცხადა ბოკერიამ.