"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" ევროპის "სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში" გაერთიანებას აპირებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "სოციალ-დემოკრატების" ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, სოციალ-დემოკრატიულ იდეებს დიდი ხნის ისტორია აქვს, რადგან საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სათავეში სწორედ "სოციალ-დემოკრატები" ჩაუდგნენ.
"მიხარია, რომ "სოციალ-დემოკრატიული" ტრადიცია ახალი ძალით აგრძელებს მუშაობას. ჩვენ ვიწყებთ ახალი საქართველოს შენებას და უნდა დავიცვათ მსოფლმხედველობრივი პრინციპები.
"სოციალ-დემოკრატიული" იდეები პარტია "ქართული ოცნებისთვის" უცხო არ არის. ამიტომ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ევროპის "სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში" გაერთიანებას აპირებს. ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა გაატაროს თვითმმართველობის რეფორმა და "სოციალ-დემოკრატების" ჩართულობა ამ პროცესში მნიშვნელოვანია", - განაცხადა პრემიერმა.
ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, სოციალ-დემოკრატიული იდეები პოლიტიკურ პროცესში ხალხის პასუხისმგებლობასაც გულისხმობს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლება ხალხს ეკუთვნის.
"ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვისწავლოთ ქვეყნის ჩართვა. ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვაპირებთ ევროპული, ხალხზე ორიენტირებული სახელმწიფოს მშენებლობას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.