2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 იანვრამდე პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტებზე 2 336 857,14 ლარი დაიხარჯა - ამის შესახებ ინფორმაციას IDFI ავრცელებს. "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" მიერ გამოქვეყნებული სტატიიის მიხედვით, აღნიშნული თანხიდან 405 104,43 ლარი გასული წლის იანვარში აშშ-სა და გერმანიაში ვიზიტზე, 402 036,73 ლარი მარტში აშშ-სა და საფრანგეთში და 169 991,94 ლარი კი ოქტომბერში ბელგიასა და ჩეხეთში განხორციელებულ ოფიციალურ ვიზიტებზე დაიხარჯა.
2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი საქართველოს პრეზიდენტი 10 სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით (რუმინეთი, ემირატები, ბელგია, ჩეხეთი, უკრაინა, სომხეთი, პოლონეთი, ბელგია, საფრანგეთი, ავღანეთი), აღნიშნულ ვიზიტებზე პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 600 912,6 ლარი გამოიყო.
სტატიაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი გასული წლის ივნისში ბრაზილიაშიც იმყოფებოდა.
"2012 წლის მაისში პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება ბრაზილიაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების თანამშრომლების ვიზიტთან დაკავშირებით, სადაც მან აღნიშნა, რომ "ბიჭებს და გოგოებს ბრაზილიაში გასეირნება მოენატრათ". საინტერესოა, რომ ერთ თვეში პრეზიდენტის განკარგულებით ადმინისტრაციის ბიუჯეტიდან ბრაზილიაში პრეზიდენტის ვიზიტზე გამოიყო 151 415,41 ლარი,"-ნათქვამია სტატიაში.
IDFI-იმ პრეზიდენტის სამივლინებო ხარჯების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინიტრაციიდან გამოითხოვა. სტატიაში აღნიშნულია რომ ადმინისტრაციიდან მიღებული ინფორმაცია არ არის სრულყოფილი და პასუხში არ არის მითითებული ქვეყნის შიგნით განხორციელებული ვიზიტები, ასევე, ცალ-ცალკე არ არის გამოყოფილი ოფიციალურ ვიზიტებსა და სამუშაო შეხვედრებზე გაწეული ხარჯები. როგორც IDFI-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, წარმოდგენილი თანხები მოიცავს მთლიანად დელეგაციის და არა მხოლოდ პრეზიდენტის ხარჯებს. ამასთან, ამ ხარჯებში კატეგორიების, მაგალითად, საწვავის, ბილეთების, დაცვის, სასტუმროს ხარჯების ცალკე გამოყოფა არ ხდება, რადგან ადმინისტრაციაში შესული განკარგულება მხოლოდ ვიზიტისთვის საჭირო ჯამურ თანხას მოიცავს.
IDFI ასევე აღნიშნავს, რომ ზოგიერთი ვიზიტის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე ინფორმაცია არ მოიპოვება.