რას მოიტანს საქართველოსა და რუსეთის საეკლესიო დიალოგი?

რას მოიტანს საქართველოსა და რუსეთის საეკლესიო დიალოგი?


გრძელდება საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ვიზიტი მოსკოვში, რომელიც რუსეთის პატრიარქის, კირილეს, 65 წლის იუბილეს ეძღვნება. პატრიარქები გამოთქვამენ იმედს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული სირთულეები დროებითი მოვლენაა და რომ ერთმორწმუნე ხალხმა ერთმანეთის სიყვარული არ უნდა დაკარგოს. რა ინტერესები დევს გულითადი საუბრების მიღმა და რა შეიძლება მოიტანოს იმ ორი ქვეყნის ეკლესიათა მეთაურების სიახლოვემ, რომელთაგან ერთ ქვეყანას ოკუპირებული აქვს მეორე ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი.

"ის კონფლიქტი, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებს შორის იყო და ახლაც არის, ღია ჭრილობებია, რომელიც აუცილებლად უნდა მოვაშუშოთ. დარწმუნებული ვარ, ამას მოვახერხებთ", - ასეთი იმედი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 19 ნოემბერს მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილესთან შეხვედრისას გამოთქვა. საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, მაცხოვრის ტაძარში გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ”ქვეყნებს შორის არსებული პრობლემების მოგვარების აუცილებლობა” იყო.

ამჟამინდელი დაპირისპირება მეგობრობამ და ერთმორწმუნე ერებს შორის სიყვარულმა რომ უნდა შეცვალოს, ამის შესახებ ილია მეორესთან შეხვედრის დროს რუსეთის იუბილარმა პატრიარქმაც ბევრი ილაპარაკა. მან თქვა, რომ, სწორედ ამ პერსპექტივის იმედით, ყოველთვის მოხარულია შეხვდეს საქართველოს პატრიარქს:

”ურთიერთობის ნებისმიერი შესაძლებლობა უდავოდ იძლევა კეთილ ნაყოფს. ალბათ, ყველაზე კეთილი ნაყოფი, რომელიც ჩვენი ეკლესიების ურთიერთობამ, ჩვენი ეკლესიების ურთიერთთანამშრომლობამ უნდა მოიტანოს, ეს არის ურთიერთობის გაუმჯობესება ქვეყნებს შორის და ხალხებს შორის.”

ნაყოფი, რომელზეც რუსეთის პატრიარქი კირილე ლაპარაკობს, ნაკლებად წარმოსადგენია კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილისთვის. მისი აზრით, შეუძლებელია, რომ ეკლესიების დიალოგმა რაღაც მცირედი გავლენა მაინც იქონიოს სახელმწიფოების ურთიერთობაზე. რუსეთ-საქართველოს გამართლებული ”გაყრის” ფონზე, კონფლიქტოლოგს ფუჭ შრომად და თანაც გაუმართლებელ ქმედებად მიაჩნია ისიც, რომ საქართველოს ეკლესია თითქოს ”გადამეტებულად ებღაუჭება” რუსეთის ეკლესიას.

მითი ერთმორწმუნე ხალხის მტკიცე მეგობრობის შესახებ, პაატა ზაქარეიშვილის შთაბეჭდილებით, პრაქტიკაში არასდროს მუშაობს და მით უმეტეს მაშინ, როცა რუსეთის ეკლესია პრაქტიკულად ნაბიჯსაც არ დგამს კრემლის გარეშე. თუკი რუსეთის ეკლესია კრემლის სიმბიოზურ სტრუქტურას წარმოადგენს, ხომ არ ცდილობს ის, რომ გულითადი საუბრების პარალელურად, საქართველო შეაგუოს კრემლის მიერ შექმნილ და რეკლამირებულ ახალ რეალობასთან, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს დამოუკიდებელ ქვეყნებად განიხილავს? ამ შეკითხვასთან კავშირში, პაატა ზაქარეიშვილს, ასე ვთქვათ, ისევ უნაყოფო პერსპექტივის იმედი აქვს:

”აშკარად ჩანს, რომ რუსეთის საპატრიარქო რუსეთის ნეოიმპერიულ პოლიტიკას ახმოვანებს და ამიტომ, მასთან ნებისმიერი ფორმით მოლაპარაკება, საბოლოო ჯამში, რუსეთის ინტერესების რეალიზაციას ახდენს... მაგრამ, რადგანაც არ არსებობს კონტაქტი ხელისუფლების დონეზე, საბოლოო ჯამში, ვერაფრის რეალიზება ვერ მოხდება. ვინაიდან ამას არანაირი შედეგი არ ექნება, მე ასეთი პოზიციის მიმართ მშვიდად ვარ...”

პაატა ზაქარეიშვილისგან განსხვავებით, თეოლოგი ლევან აბაშიძე, ყველაფრის მიუხედავად, მაინც საჭიროდ თვლის დიალოგს რუსეთისა და საქართველოს ეკლესიათა მეთაურებს შორის. მისი აზრით, საქართველომ ჭკვიანურად და უმტკივნეულოდ უნდა გამოიყენოს ინტერესთა ერთგვარი თანხვედრა, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირდება და რაც პირველად რუსეთის პატრიარქმა ალექსი მეორემ გაახმაურა, ხოლო შემდეგ პატრიარქმა კირილემაც დაადასტურა:

”რუსეთის ეკლესია ცნობს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე; ანუ, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ეკლესია ცნობს საქართველოს ეკლესიის ტერიტორიულ მთლიანობას და თავისთავად ამ ფაქტს გამოყენება უნდა. ჩემი აზრით, პოლიტიკურად სწორი ნაბიჯია, რომ ჩვენი პატრიარქი ხაზს უსვამს, რომ როგორც ეკლესიები არ დაობენ სად გადის მათი საზღვარი, ასევე უნდა იყოს სახელმწიფოებს შორისაც.”

თუმცა რუსეთის ეკლესიის მიერ საქართველოს ეკლესიის მთლიანობის აღიარება მხოლოდ დე იურე სახეს ატარებს და დე ფაქტო სიბრტყეში საქართველოს ეკლესია ვერ ახერხებს მოქმედებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ანალიტიკოსებისთვის ნათელია, რომ კანონიკური საზღვრების გადახედვაზე რუსეთის ეკლესია ისევ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით და იდენტური პრობლემების თავიდან აშორების მიზნით ამბობს უარს და ეს არ არის კეთილი ნების გამოხატულება საქართველოს მისამართით. მეტიც, მათთვის აშკარაა, რომ რუსეთის ეკლესია ცდილობს, რომ, ასე ვთქვათ, დე ფაქტო მდგომარეობა გამოიყენოს და საკუთარი გავლენა გაავრცელოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამ გეგმის მშვიდობიანი ხერხებით განსახორციელებლად, ცხადია, რუსეთის ეკლესიის ინტერესებში შედის, რომ საერთო ენა გამონახოს საქართველოს ეკლესიასთან.

რუსეთის ეკლესიის ეს გეგმა შესაძლებელია განვიხილოთ იმ ტრადიციული კონკურენციის ჭრილშიც, რომლისკენაც რუსეთის საპატრიარქო მუდმივად ილტვის მსოფლიო პატრიარქთან მიმართებით.

​​დროებით ვის შეიძლება მიანდოს ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს ეკლესიამ და განიხილება თუ არა ამ მხრივ კონკრეტული სამომავლო პერსპექტივა, ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია არ გამოუხატავს. თუმცა, რუსეთის არასასურველი გავლენების თავიდან აცილების მიზნით, მაგალითად, თეოლოგი ლევან აბაშიძე უპრიანად მიიჩნევს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე დროებითი სამღვდელო მზრუნველობა ოკუპირებულ ტერიტორიებს არა რუსეთმა, არამედ მსოფლიო პატრიარქმა გაუწიოს.