საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაში მონაწილეობას მიიღებს.
პარლამენტის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნიკო ნერგაძემ "ინტერპრესნიუსს" დაუდასტურა, რომ უსუფაშვილი პრეზიდენტის სასახლეში დანიშნულ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება.
უშიშროების საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბჭოს საგანგებო სხდომა პრეზიდენტმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მოიწვია. საბჭო წევრები შიდა ქართლში, ოკუპაციის ხაზის გადმოწევასა და ოკუპირებულ და მიმდებარე ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ.
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებს პრეზიდენტი თავმჯდომარეობს. საბჭოს მუდმივი წევრები არიან: პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი და პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომების მუშაობაში უშუალოდ მონაწილეობს პარლამენტის თავმჯდომარე. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეული იქნენ სხვა პირები. ამასთან დაკავშირებით ცნობილია, რომ პრეზიდენტს მიწვეული ჰყავს თბილისის მერი გიგი უგულავა და უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე.
სხდომა პრეზიდენტის სასახლეში 16:00 საათისთვის არის ჩანიშნული.