საგარეო საქმეთა სამინისტრო უშიშროების საბჭოს სხდომის ორშაბათისთვის გადატანის წინადადებით მიმართავს. ამის შესახებ აშშ-ში ვიზიტად მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა , მაია ფანჯიკიძემ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრის შეფასებით, უშიშროების საბჭოს სხდომის დანიშვნა არის ძალიან კარგი და ის ამ გადაწყვეტილებას მიესალმება.
"სამწუხაროდ არც მე ვარ თბილისში და არც თავდაცვის მინისტრი. როგორც გავიგე, ის ბრიუსელში იმყოფება. ამიტომ, როგორც მე შემატყობინეს საგარეო საქმეთა სამინისტროდან, კერძოდ ჩემმა მოადგილემ, იქნება წინადადება, რომ ეს სხდომა გადაიდოს ორშაბათისთვის, როდესაც მეც ვიქნები თბილისში და თავდაცვის მინისტრიც. იმედი მაქვს, რომ ეს ასე იქნება. ეს იქნება პირველი სხდომა მას შემდეგ, რაც ახალი მთავრობაა ხელისუფლებაში. ამიტომ, მიმაჩნია მნიშვნელოვნად, რომ ამ სხდომას უწყებების პირველი პირები ესწრებოდნენ",-განაცხადა ფანჯიკიძემ.