სტამბოლში, ანტისამთავრობო დემონსტრაციის მეხუთე ღამეს, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ კვლავ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, სამართალდამცავებთან შეტაკებამდე, წუხელ გვიან ღამით, ტაქსიმის მოედანზე სიტუაცია შედარებით მშვიდი იყო, საზეიმოც კი.
შეკრებილები ქვეყნის ვიცე-პრემიერის ბიულენთ არინჩის საჯარო ბოდიშს ზეიმობდნენ. ამ უკანასკნელმა საჯაროდ მოუბოდიშა იმ პროტესტანტებს, რომლებიც "გეზი პარკის" რეკონსტრუქციის შეჩერებას მოითხოვდნენ და განაცხადა, რომ მათი მოთხოვნა "სამართლიანი და კანონიერი" იყო თუმცა, მოგვიანებით სიტუაცია დაიძაბა, რადგან აქციის მონაწილეებმა საკმარისად არ ჩათვალეს არინჩის ბოდიში და მომხდარზე ბოდიშის მოხდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის რეჯეფ ტაიპ ერდოღანისგანაც მოითხოვეს. ვიცე-პრემიერი დღეს აქციის მონაწილეებს შეხვდება.
თურქეთში მიმდინარე არეულობის მეხუთე ღამეს აქციები არ შეწყვეტილა იზმირშიც, სადაც პოლიციამ წუხელ 25 ბოლოგერი დააკავა სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" გავრცელებული "ცრუ ინფორმაციისთვისა" და საპროტესტო მოწოდებებისთვის.
რამდენიმე დღის წინ, ერდოღანმა, რომელიც ამჟამად მაროკოში იმყოფება, საჯარო გამოსვლაში აღიშნა, რომ "ტვიტერი" "ტყუილების გავრცელებას უწყობს ხელს".
თურქეთის ადამიანის უფლებადამცველი ასოციაციის განცხადებით, 28 მაისს დაწყებული მასობრივი არეულობებებიდან დღემდე, 2 800 დემონსტრანტია დაშავებული, მათ შორის ბევრი საკმაოდ სერიოზულად. პოლიციამ 791 ადამიანი დააპატიმრა, თუმცა ამ დროისთვის დაახლოებით 500 გათავისუფლებულია.
ბიულენთ არინჩის განცხადებით, დაშავებულია 244 პოლიციელი და 64 დემონსტრანტი. ამ დროისთვის კი ზარალმა 70 მილიონი თურქული ლირა (37 მილიონი დოლარი) შეადგინა.