სანდრო გირგვლიანის საქმის გამომძიებელი პროკურორი ვალერი ლაცუზბაია თანამდებობიდან გათავისუფლდა, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გაზეთ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში აცხადებს.
მინისტრის ინფორმაციით, იგი ამ თვეების განმავლობაში პოსტზე რჩებოდა, რაზეც პრეტენზია ჰქონდა.
"ვერ ვეგუებოდი იმ აზრს, რომ ის საკმაოდ დიდხანს დარჩა თანამდებობაზე, თუმცა, ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, ის უკვე აღარ არის ამ პოსტზე. პროკურატურაში საკადრო პოლიტიკა მხოლოდ იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ ის კადრები, რომლებმაც სამართალი და სამართლიანობა დააზიანეს წარსულში, აღარ მუშაობდნენ პროკურატურის ორგანოებში", - აცხადებს იუსტიციის მინისტრი.
თეა წულუკიანის ინფორმაციით, დღეს სანდრო გირგვლიანის საქმე ძალიან კარგი და კომპეტენტური გამომძიებლის ხელშია, რომელმაც უკვე "ბევრი ახალი მტკიცებულება" მოიპოვა.
ინტერვიუში იუსტიციის მინისტრი 26 მაისის მოვლენებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ "ამ დანაშაულში ვისი როლიც გამოიკვეთება, ყველა უნდა დაიკითხოს, მათ შორის, პრეზიდენტიც".
თეა წულუკიანთან ინტერვიუ გაზეთ "ყველა სიახლის" დღევანდელ ნომერში გამოქვეყნდა.