პრემიერ-მინისტრს ჩემს შესაძლებლობებზე დიდი წარმოდგენა აქვს, რასაც ძალიან ვაფასებ, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ გადაცემა "პოზიციაში" ბიძინა ივანიშვილის მიერ "პალიტრა.ტვ"-სთან გაკეთებული იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომელშიც პრემიერმა "ვაშინგტონ პოსტში" საქართველოს ახალი ხელისუფლების შესახებ დაბეჭდილი კრიტიკული სტატია ბოკერიას ლობირებას დაუკავშირა.
"მას ჰგონია, რომ "ვაშინგტონ პოსტის", ამ ავტორიტეტული გაზეთის სარედაქციო წერილებს მე ვწერ და ამის გამო უნდა მოხდეს გამოძიების დაწყება და გაფლანგული თანხების გამო – ლობისტებსაც ახსენებს ხშირად, პასუხისგებაში მიცემა. მინდა გითხრათ, რომ გამოძიება დაწყებულია, პროკურატურას გამოთხოვილი აქვს საბუთები და ის მუშაობს", - განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, დასამალი არაა, რომ უშიშროების საბჭო ევროპასა და აშშ-ში კონსულტანტებს ქირაობდა და მრავალ პროექტს ახორციელებდა. "ოფიციალურად დოკუმენტები გადაცემულია პროკურატურისთვის და იქამდე ფინანსთა სამინისტროსაც მივაწოდეთ იმის შესახებ, რომ უშიშროების აპარატი ქირაობდა კონსულტანტებს ევროპაში, აშშ-ში, მრავალ პროექტს ახორციელებდა. მათი ნაწილი საჯარო იყო, ნაწილი არა, მაგრამ დოკუმენტურად ყველაფერი არსებობს და ახალი ხელისუფლებისთვის ყველაფერი ღიაა. ახლაც ვთვლი, რომ იმ მიმართულებებზე, რომელიც შეეხება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, არაღიარებას, საქართველო-რუსეთის სპეციფიურ თემასთან დაკავშირებულ საკითხებს, აბსოლუტურად აუცილებელი იყო და ახლაც აუცილებელია რესურსების დახარჯვა, მათ შორის მატერიალური რესურსების და მათ შორის ლობირებზე", - აღნიშნა ბოკერიამ.
რაც შეეხება პრემიერის შეფასებას, რომ ლობისტებზე თანხების ხარჯვა სისხლის სამართლის დანაშაულია, უშიშროების საბჭოს მდივნის შეფასებით, ეს "აბსურდია".