ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.
როგორც "რუსთავი 2"-ის ეთერში ბოკერიამ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებაში ყველა გადარიცხვა ელექტრონულია და არანაირი ნაღდი ფულის მოძრაობა აღარ არსებობს.
"ეს სრული აბსურდია. აქაც სრულ უცოდინრობასთან გვაქვს ალბათ საქმე. საქართველოს ხელისუფლებაში, კერძოდ იქ, სადაც მე მაქვს შეხება, ყველა გადარიცხვა ელექტრონულია. არანაირი ნაღდი ფულის მოძრაობა აღარ არსებობს. ასეთი დრო ადრე იყო, სადაც ნაღდი ფული მოძრაობდა. აქ ამასთან არ გვაქვს საქმე, აქ საქმე გვაქვს ძალიან ღრმა პრობლემასთან საქართველოს ხელისუფლების და პირველ რიგში პრემიერ-მინისტრის, ეს არის სრულიად აუტანლობა ოპონენტების არსებობის. ის ამბობს, ოპონირება მომწონს, მაგრამ სიმართლე უნდა ილაპარაკონო, ანუ რაც მას მიაჩნია სიმართლედ. ეს არის ყველაზე სახიფათო, თუ გნებავთ ფსიქოლოგიური პრობლემა. ეს არის ღია ავტორიტარული დეკლარაცია. შუასაუკუნეობრივი წარმოდგენები აქვს და ეს ძალიან ცუდია ქვეყნისთვის. შეიძლება ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებას ეგონოს, რომ ამერიკაში პრესას ვიღაც აკონტროლებს", - აღნიშნა ბოკერიამ.
ამასთან, იგი გამორიცხავს, რომ გამოძიებას მსგავს საკითხთან დაკავშირებით რაიმე მტკიცებულება ჰქონდეს.
რაც შეეხება ბიუჯეტიდან წინა ხელისუფლების დროს დახარჯულ 16 მილიონს, როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ყველა ის მიმართულება, რაზეც წინა ხელისუფლება საუბრობდა და საუბრობს, კერძოდ კი, აშშ-სთან, ნატო-სთან და ევროკავშირთან დაახლოება, დიპლომატიურ ძალისხმევას და კონსულტანტების დახმარებას საჭიროებს.
"რომელიმე ერთი შედეგი, გნებავთ ევროატლანტიკური, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების, ასევე არაღიარებასთან მიმართებაში, ჩვენ ვთვლიდით და ახლაც ვთვლით, რომ საჭირო იყო ამ დამატებითი რესურსების გამოყენება. უფრო მეტ დეტალებში ბუნებრივია ახლა საჯაროდ არ შევალ. მაგრამ მთავრობამ ამის შესახებ ყველაფერი დეტალებში იცის. ჩვენი რჩევა ახლა ამ ხაზის გაგრძელებაა", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა, უშიშროების საბჭო ამ ტიპის საქმიანობით მისი წინამორბედების დროსაც იყო დაკავებული.
პრემიერმა გუშინ განაცხადა, რომ გიგა ბოკერიას მოუწევს, პასუხი გასცეს გამოძიების კითხვებს. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, გასულ, 2012 წელს ლობისტებზე ბიუჯეტიდან 16 მილიონზე მეტია დახარჯული და მას გრიფი "საიდუმლო" ედო. მისი თქმით, იქ არის 200, 300, 400 ათასი ნაღდი ფულით აღებული და ეს ყველაფერი გიგა ბოკერიას სამსახურით არის გაკეთებული.
"დღეს პროკურატურაშია საქმე გადაცემული და ამ საკითხებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. გიგა ბოკერიას სამსახურიდან არის ეს ყველაფერი გაწერილი და რა თქმა უნდა, მასთან შეკითხვები არსებობს. უფრო მეტს მე არ ვიტყოდი, მას მოუწევს პასუხები გასცეს კითხვებს გამოძიებისთვისაც და საზოგადოებისთვისაც. ჩვენც გვაქვს ლობისტებზე ფული გამოწერილი, ნახეთ, ჩვენს ვებ-საიტზე დევს და ყველაფერი გამჭვირვალეა", - აღნიშნა პრემიერმა.