უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მან და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერებმა პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე "გზავნილი" მიიღეს.
როგორც ბოკერიამ გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა, მათ შორის იყო ვანო მერაბიშვილი, რომელსაც ღიად შეუთვალეს, რომ თუ პოლიტიკიდან არ წავიდოდა, გაასამართლებდნენ.
"ახლა, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატი არა თუ წინასწარ ანონსირებული და პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიების მსხვერპლად იქცა იმის შემდეგ, რაც შეუთვალეს, ან პოლიტიკიდან უნდა წახვიდე, ან გაგასამართლებთო, არამედ წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. დეტალებში არ შევალ, მაგრამ კულუარებში მეც და სხვებსაც მიღებული გვაქვს გზავნილი, "თუ არ შეგვეშვებით, ამას მოჰყვება დაჭერაო", - აღნიშნა ბოკერიამ.
მისივე შეფასებით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დაკავებები პოლიტიკურად მოტივირებულია, რასაც პრემიერ-მინისტრის განცხადებებიც ადასტურებს. "მხოლოდ ჩვენი ბრალდება კი არაა, რომ პოლიტიკური მოტივით ხდება დაკავებები, არამედ პრემიერ-მინისტრი თვითონ იძახის, რიტორიკა შეიცვალეთ და ტყუილების ლაპარაკს შეეშვით, თორემ მეტს დავიჭერთო. თუ მხოლოდ იმათ მიმართ უნდა მოხდეს დევნა, ვინც კანონი დაარღვია, მაშინ რა შუაშია ის, როგორ ვაკრიტიკებთ ან არ ვაკრიტიკებთ პრემიერს, "ვაშინგტონ პოსტი" გამოაქვეყნებს სტატიას თუ არ გამოაქვეყნებს, პოლიტიკიდან წავა ვანო მერაბიშვილი თუ არ წავა. თვითონ უკავშირებს ამას საჯაროდ პრემიერ-მინისტრი და ამაზე მეტი მტკიცებულება და აღიარება პოლიტიკური მოტივის ძნელია მოძებნო", - აღნიშნა უშიშროების საბჭოს მდივანმა.
ამასთან, გიგა ბოკერიას შეფასებით, ქვეყანა სახიფათო ტრაექტორიით მიდის. "1-ელი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როცა პირველად საქართველოს ისტორიაში მშვიდობიანად მოხდა ხელისუფლების გადაცემა და ჩვენმა ქვეყანამ ეს ტესტი ჩააბარა, საქართველოს გაუჩნდა შანსი ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიიღოს შემდეგი პროგრესი. ის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, არის ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება, უფრო მეტიც, ქვეყნის შიდა განვითარების ტრაექტორიის სრულიად საპირისპიროდ გატარება", - აღნიშნა ბოკერიამ.