მთავრობა და ჩინოვნიკები მაქსიმალურად უნდა გაემიჯნონ ეკლესიას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. როგორც პრემიერმა გადაცემა "პალიტრატივის" გადაცემა "რეზიუმესთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით პროცესი კულტურისა და ფინანსთა სამინისტროებში მუშავდება.
"ჩემი დამოკიდებულებაა, რომ ჩინოვნიკები, მთავრობა არ უნდა ჩაერიონ და მაქსიმალურად უნდა გაემიჯნონ ეკლესიას. დაფინანსება, რაც ეკუთვნის ეკლესიას და როგორც ეკუთვნის, არ უნდა იყოს დამოკიდებული ჩინოვნიკების ნება-სურვილზე, ვის რა მანქანა უყიდონ და ა.შ. ეკლესია მაქსიმალურად დამოუკიდებელი უნდა იყოს და ეკლესიის ქმედებებში არ უნდა ჩაერიოს", - მიაჩნია პრემიერს.
რაც შეეხება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ 17 მაისს ეკლესია თავად ჩაერია სახელმწიფოს ფუნქციებში, ივანიშვილის განცხადებით, ეკლესია არ ჩარეულა სახელმწიფოს ფუნქციებში, რადგან აქციაზე რამდენიმე ეკლესიის სასულიერო პირი აქტიურობდა.
"როგორც ვიცი, გამოძიება ისევე სთხოვს მათ პასუხს, როგორც სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, რომლებიც კანონს არღვევდნენ. კანონის წინაშე ყველა თანასწორია", - დასძინა პრემიერმა.