ხვალ უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.
ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
"პრემიერ-მინისტრმა გააკეთა გუშინ ჩემთვის გაუგებარი განცხადება, რომ რას მელოდებიან მე, ჩაატარონ სხდომა, თავისი მოვალეობები შეასრულონო. პრემიერ-მინისტრს როგორც ჩანს, ინფორმაცია არ მიაწოდეს და თავად არ იცის, რომ უშიშროების საბჭოს ერთ-ერთ მთავარი წევრი თავად არის და მისი პოლიტიკური გუნდი, ამიტომ მათთან შეთანხმების გარეშე როგორ უნდა ჩატარდეს უშიშროების საბჭოს სხდომა, ეს არის გაუგებარი, მაგრამ რადგან ამ ტიპის გზა აირჩია პრემიერ-მინისტრმა და რადგან მან არ იცის რა განსხვავებაა უშიშროების საბჭოს აპარატს და თავად საბჭოს შორის, ამიტომ პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხვალ, 16:00 საათზე ჩატარდეს უშიშროების საბჭოს სხდომა, მობრძანდეს პრემიერ-მინისტრი და თავისი გუნდი და ვიმსჯელოთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე. თუმცა სასურველი იყო, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური სპექტაკლების საფუძველი არ მომხდარიყო და გაცილებით უფრო საქმიან გარემოში მომხდარიყო ამ ყველაფრის შეთანხმება. ველით ხვალ პრემიერ-მინისტრს აქ, პრეზიდენტის რეზიდენციაში, მის გუნდთან ერთად", - განაცხადა ბოკერიამ.