ევროპარლამენტარის "სოციალისტ-დემოკრატთა პროგრესული ალიანსის S&D" წევრ ლიბორ როუჩეკის განცხადებით, კანონზე მაღლა არავინ დგას, არც პრეზიდენტი, არც პრემიერი და არც სხვა ნებისმიერი მოქალაქე.
ამის შესახებ ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა როუჩეკმა საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაკავებას გამოეხმაურა.
"დემოკრატიაში არის წესი, რომ არავინ უნდა დადგეს კანონზე მაღლა. ეს ეხება ნებისმიერ მოქალაქეს, პოლიტიკოსს, მინისტრსს და პრეზიდენტსაც კი. ბევრ ქვეყანაში ხდება, რომ პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ საქმე აღიძრება. ამის მაგალითები იყო ისრაელში, ხორვატიაში, რუმინეთში. ჩემი ქვეყნის ერთ-ერთი გუბერნატორი წელიწადზე მეტია, პატიმრობაში იმყოფება. როცა ვამბობ, რომ არავინ უნდა დადგეს კანონზე მაღლა, ვგულისხმობ, რომ მოსამართლეა ის ადამიანი, ვინც უნდა აწონ-დაწონოს პროკურატურის და დაცვის მხარის არგუმენტები და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. ეს პროცესი არ უნდა გადაიქცეს პოლიტიკურ შურისძიებად, რადგან ეს არ იქნება კარგი ნიუსი საქართველოსთვის", - განაცხადა როუჩეკმა.
ის ასევე მიიიჩნევს, რომ არასწორია პარალელების გავლება უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს შემთხვევაზე, ვინაიდან ყველა ქვეყანა განსხვავებულია და ყველა საქმე უნიკალური.
"არ ვფიქრობ, რომ საქართველო უნდა შევადაროთ უკრაინას ან სხვა რომელიმე ქვეყანას. ეს არ დაეხმარება არც საქართველოს და არც უკრაინას", - აღნიშნა როუჩეკმა.