„დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი კახა მიქაია და მისი მეგობრები დღეს საღამოს შესაძლოა თავდასხმის ობიექტები გახდნენ. ამის შესახებ presage.tv-ს თავად კახა მიქაიამ განუცხადა. მისივე თქმით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორმა როლანდ ახალაიამ ძალოვანი სტრუქტურების სრული მობილიზაცია კახა მიქაიასა და „ტყის ძმების“ ყოფილი მეთაურის, დათო შენგელიას შორის დღეს შემდგარი სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოაცხადა.
„დღეს, 13 საათისთვის მობილურ ტელეფონზე ჩემთვის სრულიად მოულოდნელად დათო შენგელია დამიკავშირდა. მაშინვე ვიფიქრე, რომ ეს ზარი დღეს პრესაში გამოქვეყნებულ იმ ინტერვიუს უკავშირდება, სადაც ხელისუფლების მიერ სამეგრელოში საგანგებოდ შექმნილი ე.წ. „სამობილიზაციო ჯგუფების“ შესახებ ღიად ვისაუბრე. დავასახელე „ტყის ძმების“ წევრები და ყოფილი მეთაური, ყოფილი „მხედრიონელები“ და „ზვიადისტები“. ვთქვი, რომ ნებით თუ უნებლიედ ეს ფორმირებები ხელისუფლების მიერ მომავალში სავარაუდოდ დაგეგმილი პროვოკაციის თანამონაწილეები გახდნენ.
ასეც მოხდა, თუმცა შენგელიამ დღეს ჩემთან საუბრისას სამხედრო ფორმირებებთან რაიმე სახის კავშირი კატეგორიულად გამორიცხა და „ტყის ძმების“ ყოფილი წევრების ყოველგვარ ქმედებაზე პასუხისმგებლობა მოიხსნა. მითხრა, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ სამეგრელოში საერთოდ არ ჩასულა და თბილისში იმყოფება. თქვა, რომ სამოქალაქო დაპირისპირებაში, თუ ასეთი რამ ოდესმე მოხდება, მონაწილეობას არასოდეს მიიღებს, რომ იგი სამეგრელოს არასოდეს დაუპირისპირდება. დათო შენგელიამ კატეგორიულად გამორიცხა ჩემთან დაპირისპირებაც და პოლიტიკურ ბრძოლაში წარმატებები მისურვა.
როგორც ჩანს, ეს სატელეფონო საუბარი აღმოჩნდა განგაშის საფუძველი იმ პირებისთვის, რომლებიც ჩემს ტელეფონზე „სადღეღამისო“ მოსმენას ახორციელებენ.
საღამოს 7 საათისთვის მივიღე ინფორმაცია, რომელიც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის რეგიონულ სამმართველოში მთელი დღის განმავლობაში აქტიურად განიხილებოდა. მაქვს ინფორმაცია, რომ კუდ-ის უფროსს, რუსლან შამახიას ამ საკითხთან დაკავშირებით ტელეფონით ესაუბრა როლანდ ახალაია და გარკვეული დირექტივებიც მიიღო. ერთ-ერთი ინფორმაციით, ამ საღამოს იგეგმება თავდასხმა ჩემზე და „დაიცავი საქართველოს“ სხვა წევრებზე.
ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია, თუ რა რეაქცია ექნება ხელისუფლებას დათო შენგელიას მიერ ჩემთან საუბრისას გამოთქმულ მოსაზრებებზე. მე ამ საუბრის შესახებ დეტალების გახმაურებას ნამდვილად არ ვგეგმავდი, რომ არა ბოლო საათებში მიღებული უტყუარი და დადასტურებული ინფორმაცია. ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, დღეს შენგელიას პოზიცია მისაღები იყო. მისასალმებელია, თუ დათო შენგელია, რომლის სახელი წლების განმავლობაში, სხვადასხვა დროს, პატრიოტიზმთან ერთად კრიმინალს უკავშირდებოდა, არ მიიღებს მონაწილეობას სააკაშვილის რეჟიმის მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ დაგეგმილ პროვოკაციებში.“
თავდასხმის, ან რაიმე ტიპის პროვოკაციის განხორციელების შემთხვევაში კახა მიქაია სრულ პასუხისმგებლობას პირადად როლანდ ახალაიას აკისრებს.