თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, "საქართველო ალიანსის წევრი გახდება, მაგრამ ვადებზე საუბარი წინასწარ ნაადრევია".
ამის შესახებ ალასანიამ ბრიუსელში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
ირაკლი ალასანიამ ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ნატო-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა. საუბარი შეეხო საქართველოს კონტრიბუციას ISAF-ის მისიაში. თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს აპატურაის ქვეყანაში მიმდინარე თავდაცვის რეფორმები გააცნო. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ასევე, საქართველოში თვის ბოლოს დაგეგმილი ნატო-ს ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი.
ხვალ კი ალიანსის შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება.
"ჩვენ ნათლად გვაქვს წარმოდგენილი, თუ როგორ უნდა მივიდეთ მომავალი წლის სამიტამდე, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას თავდაცვისა და იუსტიციის სისტემაში რეფორმირების კუთხით. პოლიტიკური რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაიწყო, ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი და წინაპირობაა იმისთვის, რომ საქართველომ დააკმაყოფილოს ის სტანდარტები, რომელიც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებისთვის. ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ უფრო მკაფიო წარმოდგენა გვექნება იმაზე, თუ როგორ გავაგრძელებთ ნატო-ს მისიაში მონაწილეობას. ნატო ძალიან მყარად უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას. როგორც ჯეიმს აპატურაიმ აღნიშნა, საქართველო ალიანსის წევრი გახდება, მაგრამ ვადებზე საუბარი წინასწარ ნაადრევია", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრის შემდეგ.