საქართველოსა და ნატოს სამხედრო თანამშრომლობის საკითხებს ბრიუსელში ნატოს მინისტერიალზე ხვალ განიხილავენ, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება ხვალ ნატოს თავდაცვის მინისტრებთან. ძირითადად განხილული იქნება ჩვენი სამხედრო თანამშრომლობის საკითხები ავღანეთში, ძალიან დიდი კონტრიბუციის, რომელსაც საქართველო აკეთებს და რომელსაც ძალიან ემადლიერება მთელი ნატო, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველა ქვეყანა. ჩვენ ძალიან ნათლად გვაქვს წარმოდგენილი, თუ როგორ უნდა მივიდეთ მომავალი წლის შემდეგ სამიტამდე. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას რეფორმის კუთხით თავდაცვის სისტემაში, იუსტიციის სისტემაში, მთლიანად ქვეყანაში. პოლიტიკური რეფორმები, რომელიც დაიწყო მთავრობამ და ყოველდღიურად ახორციელებს, ნატოში, აღნიშნულია როგორც ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იმისათვის, რომ საქართველომ დააკმაყოფილოს ის სტანდარტები, რომელიც აუცილებელია ჩვენი გაწევრიანებისათვის", - განაცხადა ალასანიამ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ნატოს თავდაცვის მინისტერიალს ესწრება. ნატოს შტაბბინაში თავდაცვის მინისტრების დონეზე მინისტერიალი 4-5 ივნისს იმართება.
მინისტერიალის მთავარი თემებია ავღანეთის საერთაშორისო მისია და კიბერუსაფრთხოება. ოთხშაბათის სესია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომით დაიწყება. ნატოს შტაბბინაში შეკრებილი თავდაცვის მინისტრები ქართველ კოლეგასთან ირაკლი ალასანიასთან ერთად, ნატო-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის საკითხებსა და ქვეყანაში მიმდინარე თავდაცვის რეფორმებს განიხილავენ.
მეორე დღეს დაგეგმილია შეხვედრა ISAF-ში მონაწილე ალიანსის არაწევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან, სადაც საუბარი შეეხება კოალიციური ძალების მიერ ავღანეთის ეროვნული ძალებისთვის ქვეყნის უსაფრთხოების გადაბარებასა და 2014 წლის შემდეგ წვრთნისა და დახმარების მისიის საკითხებს.