უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს მოსამართლეთა კონფერენციის ჩატარებამდე მოსამართლეებთან ფარულ შეხვედრებზე თავი შეიკავონ.
როგორც ჟურნალისტებთან შეხვედრისას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, მას აქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე პროკურორი მოსამართლეებს ხვდება და 9 ივნისს დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით ესაუბრება.
როგორც კუბლაშვილმა განმარტა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ქმედებები მოსამართლეების დამოუკიდებლობაში ჩარევას ნიშნავს და აღნიშნულისგან თავის შეკავებაა აუცილებელი.
კუბლაშვილი თეა წულუკიანის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე რეგიონებში მოსამართლეებს ხვდება და ესაუბრება. როგორც კუბლაშვილმა აღნიშნა, მისი მხრიდან მსგავსი ქმედება ჩვეულებრივი და მისაღებია და შესაძლოა მსგავსი შეხვედრები ყოველდღე გამართოს, თუმცა როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ახორციელებენ აღნიშნულ ქმედებას, ეს უკვე მოსამართლეებზე ზემოქმედების ტოლფასია.
"წულუკიანს რამდენჯერმე შევხვდი და ვეუბნებოდი, რომ მისი მხრიდან გარკვეული ქმედებები მოსამართლეთა საქმიანობაში ჩარევას ნიშნავს. ის, რომ მე მოსამართლეებს ვესაუბრები მისი
შეფასების საგანი არ უნდა იყოს. მეორე საკითხია, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ მსგავსი ფარული შეხვედრები. მაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე პროკურორი მოსამართლეთა კონფერენციამდე მსგავს შეხვედრებს მართავს. ეს არის ჩარევა მოსამართლეთა დამოუკიდებლობაში და ეს უნდა შეწყდეს. ეს მიუღებელი და დაუშვებელია. კიდევ ერთხელ მინდა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს ვთხოვო - თავი შეიკავონ ნებისმიერი განცხადებებისგან. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანონის მიღების შემდეგ, მათი განცხადებები შესაძლოა მოსამართლეებისთვის წამახალისებლად, ან აგრესიულად იქნას აღქმული", - განაცახადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.
დღესვე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებს დაგეგმილი კონფერენციის დღის წესრიგი გააცნო. კუბლაშვილის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ მოსამართლეთა კონფერენცია, რომელიც საქალაქო სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა დარბაზში უნდა ჩატარებულიყო სასტუმრო "რედისონის" დიდ საკონფერენციო დარბაზში გაიმართოს.
მისივე განმარტებით, კონფერენციის ადგილი, ჯერჯერობით, დაზუსტებული არ არის, თუმცა ჟურნალისტებისთვისაც, დამკვირვებლებისთვისაც და მოსამართლეებისთვისაც მოსამართლეთა კონფერენციაზე, რომელიც 9 ივნისს უნდა გაიმართოს, ყველა პირობა იქნება შექმნილი.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, მისი და მთლიანად მოსამართლეთა მიზანია, რომ პროცესმა მაქსიმალურად გამჭვირვალედ ჩაიაროს.
ამასთან, კუბლაშვილის თქმით, პროცესი ხანგრძლივი იქნება იქიდან გამომდინარე, რომ პროცედურებს დიდი დრო სჭირდება.
მოსამართლეთა კონფერენცია 9 ივნისს 11:00 საათზე დაიწყება და არ არის გამორიცხული გვიან საღამომდე გაგრძელდეს.
რაც შეეხება დღის წესრიგს, კუბლაშვილის განმარტებით, 11:00 საათზე დაიწყება მოსამართლეთა კონფერენციის რეგლამენტის ცვლილებების დამტკიცება. შემდეგ მოხდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის არჩევა. დღის წესრიგის მიხედვით, 13:00 საათზე დაიწყება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების დასახელება, რის შემდეგაც რამდენიმე საათი სჭირდება მათი არჩევის პროცედურას.