ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში შევიდა. მიხეილ საააკაშვილი კანონმდებლებს "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" მოქმედი კანონის საერთოდ გაუქმებას სთავაზობს.
პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული ცვლილებების გათვალისწინებით, "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს" ახალი თავი ემატება, რომლითაც დეტალურად განისაზღვრება ფარული საგამოძიებო მოქმედებების სახეები და მათი გახორციელების პროცედურები.
პროექტის თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხორციელდება, თუ მიმდინარეობს გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსით" გათვალისწინებულ განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულებზე და მტკიცებულებათა მოპოვება სხვა საგამოძიებო მოქმედებებით შეუძლებელია, ან არსებით სირთულეს უკავშირდება.
პრეზიდენტის ინიციატივა ცვლილების გახორციელებას 26 კანონში იწვევს. კერძოდ, "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში", "სისხლის სამართლის კოდექსში", "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონში, "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონში, "სადაზვერვო საქმიანობის შესახებ" კანონში, "დაზვერვის სამსახურის შესახებ" კანონში, "პატიმრობის კოდექსში", "ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ" კანონში, "კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ" კანონში, "პროკურატურის შესახებ" კანონში, "ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ" კანონში, "არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ" კანონში, "პოლიციის შესახებ" კანონში, "სახელმწიფო პოლიციის შესახებ" კანონში, "სასაზღვრო პოლიციის შესახებ" კანონში, "შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის და ვადების შესახებ" კანონში, "ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონში, "სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ" კანონში, "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" კანონში, "საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ" კანონში, "საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ" კანონში, "საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" კანონში, "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" კანონში, "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის მოწმობის და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" კანონში, "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" კანონში და "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში.