აგვისტოს ომის შემდეგ პარლამენტში ანტიკრიზისული საბჭო შეიქმნა, რომელსაც დიადი მიზნები ჰქონდა დასახული – ქვეყანაში ყველანაირი კრიზისით გამოწვეული პრობლემების მოგვარების გზები უნდა დაესახა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არანაირი პრობლემა არ მოგვარებულა და, პრინციპში, მოგვარების მცდელობაც კი არ ყოფილა, ეს საბჭო მაინც ფუნქციონირებს. ყოველ შემთხვევაში, საბჭოს ლიკვიდაცია ოფიციალურად არ გამოცხადებულა.
თუკი იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ ანტიკრიზისულ საბჭოს გია თორთლაძე ხელმძღვანელობს, გასაკვირი აღარ არის, ხელისუფლება ამ ორგანოს არსებობისთვის ბიუჯეტიდან ფულს რატომ ყრის.
ანტიკრიზისული საბჭოს წევრები დამატებით ანაზღაურებას არ იღებენ, მაგრამ აპარატისთვის თანხის გამოყოფა ყოველ წელს ხდება და ეს თანხა არც ისე მცირე უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, ამ წლების განმავლობაში რამდენჯერაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ ანტიკრიზისული საბჭო უქმდებოდა, მისი აპარატის უფროსი და გია თორთლაძის მეგობარი კაკო ფანჩულიძე ყველა ჟურნალისტს თავგამოდებით უმტკიცებდა, ასეთ ჭორებს ნუ მივრცელებთ, არაფერიც არ იშლებაო.
ასეა თუ ისე, ეს ორგანო ოფიციალურად დღემდე არსებობს, უფრო სწორედ, დაფინანსებას იღებს და თავისი არსებობა რომ გაამართლოს, წელიწადში ორჯერ ისეთ მინისტრს იბარებს, რომლის უწყებასაც კრიზისთან საერთო არაფრი აქვს.
მაგალითად, დღეს საგანგებო სხდომა გაიმართა და ამ სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრი დაიბარეს, რომელთანაც „ტყის კოდექსის“ პროექტის განხილვა უნდა მომხდარიყო, მაგრამ ეს სხდომა ვერ შედგა, რადგან ალექსანდრე ხეთაგურმა თორთლაძეს პირდაპირ განუცხადა, „ტყის კოდექსის“ ის ვარიანტი, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ, ნედლი და პირველწყობილია და მასზე მსჯელობას აზრი არა აქვსო“ და ისიც დასძინა, რომ პროექტი მთლიანად შეცვლილია და რაზე უნდა გელაპარაკოთო.
ხეთაგურის თქმით, ის ვარიანტი, რომელიც თორთლაძეს გააჩნია, მაისის, ან სექტემბრის მდგომარეობას ასახავს და 30 გვერდიდან 28 გვერდი უკვე შეცვლილია.
ხეთაგურის განცხადებით, სანამ ტყის კოდექსი საბოლოო სახეს არ მიიღებს მასზე საუბარი, მით უმეტეს, პარლამენტში დებატების გახსნა ნაადრევია.
„როდესაც კანონპროექტი შემუშავდება, მაშინ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამ დოკუმენტზე, ჯერ პროექტი დაუსრულებელია“, - მიმართა მინისტრმა ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარეს.
ხეთაგურის განცხადებით, ტყის კოდექსზე მუშაობა სამინისტროში ღამის 1 საათამდე მიმდინარეობს და ახლა ფინალურ ეტაპზე არიან, თვის ბოლოს დასრულდება პროექტზე მუშაობა, შემდეგ მასზე მთავრობა იმსჯელებს და ბოლოს პარლამენტში შევა.
თორთლაძემ თავის მართლება სცადა და იმის თქმაღა მოახერხა, რომ ეს პროექტი ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მომაწოდაო.
სხდომაზე კი იმდენად კურიოზული მდგომარეობა შეიქმნა, რომ „მრეწველების“ ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ საბჭოს წევრებს ურჩია, რადგან არც პროექტი გვაქვს და არც ის ვიცით, რაზე უნდა ვიმსჯელოთ, სხდომა დავასრულოთ და ერთმანეთის დრო დავზოგოთო.
მართალია, თორთლაძემ სხდომა არ დაასრულა, მაგრამ დახურა და მინისტრთან ჟურნალისტების გარეშე რაზე იმასჯელა, კაცმა არ იცის. ზურაბ ტყემალაძემ კი გადაუდებელი სატელეფონო ზარი მოიმიზეზა და სხდომა დატოვა.
ენერგეტიკის მინისტრმა კი ჯერ თორთლაძეს ეძახა, არაფერი იცით, რისთვის მომიყვანეთო და, ეტყობა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან ჯავრი გარემოს დაცვის ყოფილ მინისტრზე, ნინო ჩხობაძეზე იყარა და განაცხადა, რომ, „მასთან შეთანხმებას ვერასოდეს ვერაფერზე მიაღწევს“.
„მასთან ვერასოდეს ვერ ვიპოვი საერთო ენას“, – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ არასამთავრობო სექტორის ყველა წარმომადგენელთან ახერხებს შეთანხმებას და მათი „თითზე ჩამოთვლაც კი შეუძლია“. ნინო ჩხობაძესთან უთანხმოების მიზეზად კი, მორალური მხარე დაასახელა.
„როცა ის მე რამეზე მიმითითებს, თავის დროზე, მას უნდა ჰქონდეს გაკეთებული. მას მითითებების მორალური უფლება არ აქვს“, - განაცხადა ხეთაგურმა და, მიუხედავად იმისა, რომ სხდომას ათამდე ჟურნალისტი ესწრებოდა, ალექსანდრე ხეთაგურმა იმედი გამოთქვა, რომ მისი ეს მოსაზრება მედიაში არ გაჟღერდებოდა და ისიც აღნიშნა, „თქვენი მხრიდან ეს არაკორექტული იქნებაო“.
თუმცა, ხეთაგურის მიერ ღია სხდომაზე ნათქვამი ფრაზა ჟურნალისტებისთვის რატომ უნდა იყოს არაკორექტული, ცოტა არ იყოს, გაუგებარია, მითუმეტს, რომ ხეთაგურისთვის ჩხობაძეზე საუბარი არც არავის უთხოვია და არც არავის უხსენებია.