მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, ჩამორთმეული ქონების დაბრუნება სახელმწიფოს მხრიდან გარკვეულ რეგულაციებს საჭიროებს.
როგორც კბილაშვილმა დღეს გამართული შეხვედრისას განაცხადა, არის ქონების ჩამორთმევის რამდენიმე საქმე, სადაც კონკრეტული პროგრესია.
ამ კონტექსტში მთავარმა პროკურორმა კვარიათის თემა დაასახელა, რომელთან დაკავშირებითაც ვანო მერაბიშვილს ბრალი წაეყენა. ასევე, ქონების უკანონოდ ჩამორთმევასთან დაკავშირებით ბრალდებულია კახეთის კუდ-ის უფროსი ზურაბ ლალიაშვილი და მისი მოადგილე დავით ლორთქიფანიძე.
ამასთან, ასევე ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტთან დაკავშირებით, ბრალდებულია ზურაბ ადეიშვილის ძმა, დავით ადეიშვილი, რომელიც ამჟამად ძებნაშია.
პროკურორის თქმით, გურჯაანის ცალკეულ სოფლებში არსებული გაზსადენის ქსელების მისაკუთრების საქმეში ასევე ბრალდებულია კახეთის კუდ-ის უფროსი ლალიაშვილი და მისი მოადგილე ბუდაღაშვილი.
პროკურორის თქმით, პროკურატურის ფუნქციაა ცალკეული ბრალეულობის დადგენა, შემდეგ დგება ანაზღაურების საკითხი, რასაც სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული რეგულაცია დასჭირდება, რადგან ქონების ხელყოფის ფაქტები მასშტაბურია და დიდ თანხებს უკავშირდება.
კბილაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამ საკითხთან მიმართებაში გარკვეული რეგულაციის შემოღება უნდა მოხდეს.