მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, სამართლიანობის აღდგენის პროცესში მეტი სიჩქარე რევანში და შურისძიება იქნებოდა.
"სამართლიანობის აღდგენა მიმდინარეობს იმ რეჟიმში, როგორშიც უნდა მიმდინარეობდეს. უფრო მეტი სიჩქარე იქნებოდა რევანში და შურისძიება, ჩვენ კი არ გვინდა დავემსგავსოთ რევანშისტებს და შურისმაძიებლებს. უფრო მეტი ტემპი შესაძლოა უფრო მეტი ზიანის მომტანი ყოფილიყო, ვიდრე სარგებლის", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მთავარმა პროკურორმა დასძინა ისიც, რომ სამართალი უფრო ჩქარა არ მუშაობს, რაც არ უნდა ნელი ჩანდეს ტემპი სხვის თვალში.
ამასთან, არჩილ კბილაშვილი უშუალოდ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის საქმესაც გამოეხმაურა და არ დაადასტურა მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ მისი დაკითხვა ღამღამობით ხდება.
"არ შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია, რომ ვანო მერაბიშვილის დაკითხვა ღამის საათებში მიმდინარეობს. ასევე არ შეესაბამება სიმართლეს არც ის, რომ მასზე ზეწოლა მიმდინარეობს, რათა ამა თუ იმ პირის საწინააღმდეგო ჩვენება მისცეს", - დასძინა მთავარმა პროკურორმა.