სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა 2012 წლის ანგარიშში იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების ნაწილის პრეზენტაცია დღეს დევნილთა სამინისტროსთვის , არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გამართა.
უჩა ნანუაშვილმა დღესვე დევნილთა სამინისტროს ის რეკომენდაციები გააცნო, რომელიც დევნილებთან მიმართებაში ომბუდსმენის აპარატმა მოამზადა.
როგორც ნანუაშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გამართულ შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, დევნილებთან მიმართებაში მნიშვნელოვანი პრობლემები არსებობს, რომელთა მოგვარების საკითხზე იგი ხელისუფლებისადმი რეკომენდაციებს გასცემს.
"ბევრ დევნილს არ გააჩნია გრძელვადიანი საცხოვრებელი. მათთან მიმართებაში, ხშირ შემთხვევაში, დარღვეულია საცხოვრებლის უფლება. ჩვენს ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად ცვლილებებისა კვლავ სერიოზული პრობლემები არსებობს. არის ობიექტები, სადაც მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ბევრი შენობა არ ექვემდებარება რემონტს, რეკონსტრუქციას და აუცილებელია ამ შენობების დანგრევა და ახალ საცხოვრებლებში გადაყვანა. არსებობს ბევრი რეკომენდაცია, რომლებიც ეხება ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში არსებულ მდგომარეობას. ჩვენ ამ რეკომედაციებით მივმართავთ როგორც დევნილთა სამინიტროს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს გავაცნობთ ჩვენს დასკვნას", - განაცახადა უჩა ნანუაშვილმა.
იგი იმედოვნებს, რომ დევნილთა პრობლემებზე გაიმართება დისკუსია და გამოინახება პრობლემების გადაჭრის გზები.
"ძალიან ბევრი რეკომენდაცია ეხება იმ ახალ საცხოვრებლებს, რომლებიც გვხდება ექსპლუატაციაში ქალაქ ფოთში, ქუთაისსა და ბათუმში. თუმცა არის რეკომედაცია, რომ ეს პროცესი უფრო გამჭვირვალედ წარიმართოს. დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ჩართვას ამ პროცესში მეტი გამჭვირვალობისთვის. რეკომენდაციები არსებობს დევნილთა მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებთან მიმართებაშიც", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
მისივე თქმით, ომბუდსმენის რეკომედაციები ეხება ასევე უკანონოდ შეჭრილ დევნილებს.
"რეკომენდაციები გვაქვს ხელისუფლებისადმი, რათა უკანონოდ შეჭრილი დევნილების პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს. ჩვენი მთავარი რეკომენდაციაა, მოხდეს ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომ ხელისუფლებამ მოახერხოს კონკრეტული გეგმების დასახვა. უნდა მოხდეს თვეების განმავლობაში გაცემული დაპირებების შესრულება", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
შეხვედრას დაესწრო დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გოგი ფაცაცია, რომელმაც აღნიშნა, რომ სამინისტრო დევნილთა პრობლემების მოგვარების მიმართულებით სერიოზულად მუშაობს. კერძოდ, როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, თავდაპირველად დაიწყება თბილისში ჩასახლებული დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფა. მისი თქმით, თუკი ბოლო 5 წლის განმავლობაში თბილისში ცხოვრობს, მათთვის იწყება ვარკეთილში, "დამპალოს" მიდამოებში შენობების აშენება და მომავალი წლის გაზაფხულისთვის დევნილთა ნაწილი საცხოვრებლით დაკმაყოფილდება.
მინისტრის მოადგილის თქმით, ეტაპობრივად მოხდება ყველა დევნილის სტატუსის მქონე ოჯახის დაკმაყოფილება და 4 წლის განმავლობაში პრობლემების მოგვარება.