მოსამართლეს დღეს არავინ ებრძვის, თუ 9 ივნისს თვითონვე დადგება მოსამართლის მოწოდების სიმაღლეზე, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინსიტრმა თეა წულუკიანმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
თეა წულუკიანმა მოსამართლეებს მიმართა, რომ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა მათთვის ხორციელდება.
"მინდა, ყველა იმ მოსამართლეს მივმართო, ვინც გაიაზრა, რომ იუსტიციის სამინისტროს და მთავრობის მიერ ინიცირებული რეფორმა არის მხოლოდ და მხოლოდ მათთვის, მათი დამოუკიდებლობისთვის, მიუკერძოებლობისთვის და მათი მომავალი ღირსეული კარიერისთვის. თუ ეს მათთვის მისაღები მესიჯია, 9 ივნისს უნდა გაერთიანდნენ და თავისუფლად თქვან ფარული კენჭისყრის პირობებში, რას ფიქრობენ", - განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, როგორც კი შეიკრიბება ახალი, დამოუკიდებელი იუსტიციის უმაღლესი საბჭო, იუსტიციის სამინისტრო მასთან თანამშრომლობას დაიწყებს მართლმსაჯულების რეფორმის მომდევნო ნაბიჯებზე.
ამასთან, მინისტრის განმარტებით, რამდენჯერმე შეხვდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილს და აუხსნა, რომ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა პიროვნულად კუბლაშვილის წინააღმდეგ მიმართული არ არის.
"მართალია, ბატონი კოტე დღეს დადის, მოსამართლეებს კვლავ ხვდება სხვადასხვა რეგიონის სასტუმროში და უხსნის, რომ მათ შეიძლება რაღაც საფრთხე ემუქრებოდეს, მაგრამ ყველა მოსამართლემ იცის, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე. მოსამართლეს დღეს არავინ ებრძვის, თუკი მოსამართლე თვითონვე დადგება მოსამართლის მოწოდების სიმაღლეზე 9 ივნისს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.