გიგი უგულავა, როგორც ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტს, საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის საკითხებზე ევროპის საბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს ოფიციალური წერილით მიმართავს.
"მსურს თქვენი ყურადღება გავამახვილო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, რომლებიც ჩემი ქვეყნის, მისი ყველა მოქალაქისა და საქართველოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა უკიდურეს შეშფოთებას იწვევს. ვგულისხმობ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, კერძოდ, სოფელ დიცისა და სოფელ დვანის ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლებას, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების, პირველ რიგში კი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას.
ამგვარი უკანონო ქმედებები უგულებელყოფს და არღვევს ოკუპირებულ რეგიონებში და მათ მიმდებარე ზონებში მცხოვრები მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილებისა და სხვა სამოქალაქო, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებებს. ამასთან, საოკუპაციო ძალების მიერ დამატებითი ტერიტორიების ანექსია ხელს უშლის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ზონებში ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა ნორმალურ ფუნქციონირებას. მუნიციპალიტეტებისა და სხვა ადგილობრივი სამსახურების მუშაობა არაეფექტური გახდა, ზოგიერთ შემთხვევაში კი მათ საერთოდ არ ეძლევათ თავიანთი მანდატისა და ფუნქციების განხორცილების შესაძლებლობა. შესაბამისად, აღნიშნული ქმედებები აშკარად ეწინააღმდეგება ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიით, აგრეთვე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის მიერ, მიღებული დოკუმენტებით, რეზოლუციებითა და რეკომენდაციებით გათვალისწინებულ საერთო ევროპულ პრინციპებს.
კონგრესში საქართველოს დელეგაციის სახელით მოგმართავთ მხარდაჭერის თხოვნით და იმედს გამოვთქვამ, რომ აღნიშნულ ქმდებებზე თქვენს მიერ საჯაროდ გამოხატული პოზიცია დაარწმუნებს რუსეთის ხელისუფლებას, შეწყვიტოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საოკუპაციო ხაზების გასწვრივ მავთულხლართების გავლების პროცესი და შეასრულოს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ვალდებულებები", - ნათქვამია გიგი უგულავას წერილში.